თელავში, ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ფატალურად დასრულდა. გვიან ღამით მომხდარ ავარიას 38 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
„მთავარი ამბები კახეთიდან“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილება და ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრი გახდა.
წინასწარი მონაცემებით, რბოლის პროცესში ერთ-ერთ ავტომობილს მოძრაობისას საბურავი გაუსკდა. მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო, რის გამოც სატრანსპორტო საშუალება გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების ჯგუფი, რომლებმაც შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყება ადგენს ავარიის ზუსტ დეტალებს, რათა გაირკვეს, კიდევ ვინ მონაწილეობდა რბოლაში და რა გარემოებებმა განაპირობა ტრაგიკული დასასრული.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.