თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მოსკოვში, რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, შავ ზღვაში დაძაბულობის შემცირების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ფიდანის განცხადებით, ანკარა ელოდება, რომ მხარეები თავს შეიკავებენ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც თურქეთის ინტერესებს დააზიანებს.

„ჩემს კოლეგას გადავეცი ჩვენი მოლოდინი - თავი აარიდოს ნებისმიერ ინციდენტს, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები შავ ზღვაში“, - განაცხადა ფიდანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ეწინააღმდეგება მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.

შუამავლობის მზადყოფნა

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით მოგვარება იყო. თურქეთმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა, უმასპინძლოს მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.

„გადავეცი ჩვენი მზადყოფნა მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდების მასპინძლობისთვის. თუკი მხარეები თანახმა იქნებიან, მზად ვართ ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება პროცესი უფრო შედეგზე ორიენტირებული გავხადოთ“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შავი ზღვის უსაფრთხოება

ბოლო თვეებში შავ ზღვაში ვითარება დაიძაბა. უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ თურქეთის სანაპიროსთან მდებარე ტანკერებზე დრონებით თავდასხმებში. ანკარამ ორივე მხარეს ოფიციალური პროტესტი უკვე გამოუცხადა.

რუსეთის პოზიცია და „3+3“ ფორმატი

სერგეი ლავროვმა თურქეთის ძალისხმევა დადებითად შეაფასა, თუმცა დასძინა, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივისა და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების საკითხების მოგვარების გარეშე.

საუბრისას ლავროვმა საქართველოც ახსენა „3+3“ რეგიონული პლატფორმის კონტექსტში. მისი თქმით, მოსკოვი კვლავ იმედოვნებს, რომ საქართველო პლატფორმას შეუერთდება და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის კარი „მუდამ ღიაა“.