საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციური სპექტრის ნაწილს აკრიტიკებს. სააკაშვილის თქმით, 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით, რომელიც „გავრილოვის ღამის“ წლისთავს ეძღვნება, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მან მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივას რუსთაველზე აქციის გამართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი აქციას არა ეროვნული ერთიანობის, არამედ „მიშას მხარდაჭერილ აქციად“ მოიხსენიებს და მის ჩავარდნას ელოდება.

„აღარც მალავენ, რომ მათთვის პროგრამა მაქსიმუმი ჩემი ნეიტრალიზაციაა და ივანიშვილის მოშორებაზე აღარც ოცნებობენ“, - წერს სააკაშვილი. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპონენტებისთვის ციხეში მყოფი ლიდერის დამარცხება უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე მმართველ გუნდთან რეალური პოლიტიკური ბრძოლა.

სააკაშვილის შეფასებით, მსგავსი დამოკიდებულება ჯერ კიდევ 2023 წელს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზოგიერთი წევრის წასვლისას გამოიკვეთა. იგი ამას „დამარცხებულის კომპლექსს“ უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ პარტიის „ჯანსაღი ბირთვი“ კვლავინდებურად ერთგულია.

„ჩვენ დანარჩენებისგან განსხვავებით საერთოდ არ გვაინტერესებს სხვა პარტიებთან შეჯიბრი. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის დიქტატურის დამარცხება და საქართველოსთვის ღირსების დაბრუნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქეებს 20 ივნისს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ საზოგადოება არ შეეგუება ოკუპაციას და მარიონეტულ რეჟიმს.

სააკაშვილის განცხადებით, პარტიაში განახლების პროცესი გრძელდება და „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ენერგიით აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.