ჟურნალისტი ვახო სანაია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. საუბარია წამების ამსახველ კადრებზე, რომელთა იდენტიფიცირებისას უწყებამ აღნიშნა, რომ მასალა „ძველია“ და 2022 წლით თარიღდება.
სანაიას შეფასებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცდილობენ, კადრების „დაძველებით“ საკითხის სიმწვავე შეამცირონ. ჟურნალისტი სარკაზმით აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი არგუმენტი სწორედ დროში დაშორებაა.
„ქოცი გაიძახის, იეეეს, ვაიმე, რა მაგარია, ძველი წამების კადრები ყოფილაო, 2022 წლისო. იმენა მაგრა გაასწორა, ძველი ყოფილაო. „ძველი წამება“. ჩემი კაი. ნუ, ახალზე გადაირეოდა ალბათ ქოცი“, — წერს სანაია სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტის თქმით, არსებობს ახალი წამების ფაქტებიც, თუმცა ხელისუფლების ლოგიკა მათ „დაძველებას“ მოითხოვს. მან გაიხსენა ივანიშვილის შვილის ჩანაწერების საქმეც, სადაც პასუხი იდენტური იყო — „მაშინ ჯერ არ ვიყავით ხელისუფლებაში“.
სანაია ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ცდილობენ პრობლემის არსებით მოგვარებას. მისი თქმით, გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, სადაც ადამიანს კოლექტიურად ურტყამდნენ, მათ ვერ გაბედეს „ძველის“ არგუმენტის გამოყენება.
„უსაყვედურეს ბიჭებს, კადრში რატომ მოხვდით, მიფარებულში ურტყით ხოლმე, გიშლით ვინმეო?!“ — წერს სანაია. ამ განცხადებამ საზოგადოებაში კვლავ გააჩინა კითხვები პოლიციის სისტემური პრობლემების შესახებ.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.