პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ვიკა ფილფანი „ნაცმოძრაობის“ გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აკრიტიკებს. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე ხმაურიანი დაპირისპირებები არათუ საინტერესო, არამედ ქვეყნისთვის საზიანოა.
„ნაცმოძრაობა ხან იჩხუბებს, ხან შერიგდება. ამ ხალხს ერთმანეთისთვის არაერთხელ უწოდებია მოღალატე და გაყიდული. პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს პროცესები ამ ეტაპზე სრულიად უინტერესოა“, — განაცხადა ფილფანმა.
დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიის შიდა სამზარეულოს შესახებ გაცილებით მეტი იცის. ფილფანის თქმით, 2018 წლის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ქმედებები და „ქართული ოცნების“ ჩართულობა ამ პროცესებში დეტალურ შესწავლას მოითხოვს.
ფილფანის განმარტებით, პოლიტიკური კინკლაობა ყურადღებას აცდენს იმ რეალურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქართველი ხალხი დგას. მისი თქმით, ნაცვლად შიდაპარტიული დაპირისპირებისა, პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს.
„ქვეყანა გაცილებით დიდი პრობლემების წინაშეა. არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს სათანადო პატივისცემას არ უჩვენებენ. იმედია, ისინი მალე გადაერთვებიან ქვეყნისთვის საჭირო დღის წესრიგზე“, — აღნიშნა დეპუტატმა.
ფილფანის განცხადებით, მუდმივი დაპირისპირება, რომელშიც ხელისუფლება და მთავარი ოპოზიციური ძალა არიან ჩართულნი, საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს მნიშვნელოვნად აზიანებს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.