რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 10 ივნისს მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციას, თუ მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
ცვლილებები ვრცელდება როგორც მომავალ, ისე წარსულ პერიოდზე. კანონი უკანა რიცხვით აუქმებს 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მიღებულ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლებიც საომარ მოქმედებებში მონაწილე უცხოელების დეპორტაციას ან მათთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმას ითვალისწინებდა.
ახალი რეგულაციით, უცხოელ მებრძოლებს ვეღარ ეტყვიან უარს პატენტის გაცემაზე, მუშაობის უფლების მიცემაზე, ან ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე. ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ მიგრაციული კანონმდებლობის მკაცრი გამკაცრების ფონზე ხდება — იმავე დღეს დეპუტატებმა უცხოელებისთვის დოკუმენტების გაფორმების გადასახადი 5-დან 12-ჯერ გაზარდეს.
რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს უცხოელების გადაბირებას თავდაცვის უწყებასთან კონტრაქტის გასაფორმებლად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პროცესში ხშირად ზეწოლის მეთოდებსაც იყენებენ. მანამდე მიღებული კანონმდებლობით, კონტრაქტორების გადაცემა სხვა ქვეყნებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნით, ასევე მათი ადმინისტრაციული გაძევება უკვე აკრძალული იყო.
აღსანიშნავია, რომ უცხოელთა მიერ სხვა ქვეყნის არმიაში ომი, ბევრ სახელმწიფოში დაქირავებულ მებრძოლად მიიჩნევა და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. უკვე დაფიქსირდა სასამართლო პროცესები ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილეობდნენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.