რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნიდან წასული მოქალაქეების ქონების დაყადაღების უფლებას იძლევა. ახალი რეგულაცია ძალაში 1 სექტემბერს შედის და მნიშვნელოვნად აფართოებს ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების არეალს.
კანონის თანახმად, ქონების დაყადაღება შესაძლებელი გახდება იმ პირთა მიმართ, ვინც რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს განახორციელებს. აღნიშნული ზომა ითვალისწინებს როგორც უძრავ-მოძრავი ქონების, ისე საბანკო ანგარიშების გაყინვას. ყადაღა მანამდე დარჩება ძალაში, ვიდრე პირი დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას არ გადაიხდის.
რუსული კანონმდებლობით, „ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებად“ მიიჩნევა:
- ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ საქმიანობის წესების დარღვევა;
- მასობრივი ინფორმაციის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა;
- ექსტრემისტული ან ტერორისტული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებები;
- რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები;
- სანქციების დაწესების მოთხოვნა;
- რუსეთის არმიის დისკრედიტაცია.
ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ზეწოლის გაძლიერებას იმ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც ქვეყანა 2022 წლის შემდეგ, უკრაინაში შეჭრისა და რეპრესიული კანონების გამკაცრების ფონზე დატოვეს. კანონი პირდაპირ კავშირშია იმ ადმინისტრაციულ მუხლებთან, რომლებიც აქამდე ძირითადად ქვეყნის შიგნით მყოფ პირებზე ვრცელდებოდა, ახლა კი მათი მოქმედების არეალი საზღვარგარეთ მყოფ პირებზეც ფართოვდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.