უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის „შესაძლებლობის ფანჯარა“ მომდევნო ზამთრამდეა ღია. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკიმ დაადასტურა ბრიგადის გენერალ ანდრი ბილეცკის შეფასება, რომ უკრაინას ფრონტზე ინიციატივის გადასაბარებლად და პოზიციების გასამყარებლად 6-დან 9 თვემდე ვადა აქვს. პრეზიდენტის თქმით, 2025 წლის დეკემბრიდან რუსეთი ბრძოლის ველზე უპირატესობას თანდათან კარგავს.

„იანვარში პარტნიორებს ვუთხარი, რომ გვაქვს მოლაპარაკებების ფანჯარა. რუსეთი ყოველთვიურად დიდ დანაკარგს განიცდის, რაც მათ პოზიციებზე აისახება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მასირებული სარაკეტო თავდასხმები სწორედ ბრძოლის ველზე არსებული წარუმატებლობითაა განპირობებული.

პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპანტებმა ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება, რაც ადასტურებს, რომ მათ ინიციატივა ხელიდან ეცლებათ. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ზამთრის დადგომამდე აუცილებელია დიპლომატიური გზების ძიება.

„ეს დამოკიდებულია პუტინზე ზეწოლაზე, მის საზოგადოებაზე ზეწოლაზე, რომელიც იზრდება, ასევე სანქციების გაძლიერებაზე. ეს არის სწორი დიპლომატიური გზა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოლაპარაკებების შესაძლო ფორმატთან დაკავშირებით, ზელენსკი ყველაზე რეალისტურად „სამი ქვეყნის ფორმატს“ მიიჩნევს, სადაც შუამავლები დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია იქნებიან. მან ასევე აღნიშნა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების როლი და თურქეთის მცდელობა, დაეხმაროს ჰუმანიტარულ საკითხებში, კერძოდ, სამხედრო ტყვეების დაბრუნებაში.

ზელენსკის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინა და ევროპა ერთობლივად მიიღებენ, თუმცა მთავარი პირობა რუსეთის მზაობაა, წავიდეს დიალოგზე და პატივი სცეს ევროპასთან ურთიერთობის პრინციპებს.