გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა სამმართველომ დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა. შემთხვევა ჟინვალის წყალსაცავის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
სამართალდამცველების ცნობით, მოქალაქე თევზჭერას ძრავიანი ნავიდან ახორციელებდა. მან გამოიყენა კანონით აკრძალული საშუალებები: სახლართი ბადე და თევზმახი, ე.წ. გოდორი. აღნიშნული ქმედება, რომელიც სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, აკრძალული იარაღით ან საშუალებებით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, 320-დან 400 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე. საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი მასალები უკვე გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებს. უწყების მიზანია ბრაკონიერობის, უკანონო ნადირობისა და გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების დროული პრევენცია და აღკვეთა.
მოქალაქეებს, რომლებიც მსგავს დარღვევებს შეამჩნევენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს — 153. თითოეულ შეტყობინებაზე უწყება მყისიერ რეაგირებას ახორციელებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.