ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანის „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის, ალი ქერიმლის წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ხუთი თვით გაახანგრძლივა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დააკავეს, ციხეში, სულ მცირე, 2026 წლის 13 ნოემბრამდე დარჩება.
ქერიმლისთან ერთად დაკავებულია პარტიის პრეზიდიუმის წევრი მამედ იბრაჰიმლიც. ორივე მათგანს ბრალი წაყენებული აქვთ „ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართულია ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისა და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლისკენ“. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ალი ქერიმლის დაკავების შემდეგ მისმა ადვოკატებმა არაერთხელ სცადეს აღკვეთის ღონისძიების შერბილება. მიმდინარე წლის მაისში მათ სასამართლოს შინაპატიმრობის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა საბაილის რაიონულმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პატიმრობის პერიოდი ქერიმლისთვის მძიმე აღმოჩნდა არა მხოლოდ იურიდიული, არამედ პირადი თვალსაზრისითაც. ციხეში ყოფნისას მას მამა გარდაეცვალა. ოჯახის წევრების განცხადებით, პოლიტიკოსს გარდაცვალების შესახებ სამი დღის დაგვიანებით აცნობეს და არ მისცეს უფლება, დაკრძალვის ცერემონიას დასწრებოდა.
პოლიტიკური დევნის კონტექსტი
„სახალხო ფრონტი“ ქერიმლის დაპატიმრებას კატეგორიულად უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. აზერბაიჯანში პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობა მკაცრად შეზღუდულია.
საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Freedom House, აზერბაიჯანს რეგულარულად მოიხსენიებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე არათავისუფალ ქვეყანას. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელისუფლება აკონტროლებს როგორც პოლიტიკურ პროცესებს, ისე მედიასაშუალებების ფუნქციონირებას, რაც ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობას თითქმის შეუძლებელს ხდის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.