„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის რეალურად მოგვარების არანაირი სურვილი არ გააჩნია. მისი თქმით, მმართველი გუნდის ქმედებები მხოლოდ ზედაპირული ხასიათისაა და მიზნად ისახავს მხარდამჭერების დარწმუნებას იმაში, თითქოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ურთიერთობები დაალაგა.
ჯაფარიძემ ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობდა. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან პარტნიორებთან კონტაქტის დამყარების მცდელობა მხოლოდ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებით შემოიფარგლება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„მათი ერთადერთი სურვილია, რამენაირად ხელი ჩამოართვან ვიღაცას, გადაიღონ ფოტო, გააკეთონ ვიდეო და აჩვენონ საკუთარ ელექტორატს, ვითომ ურთიერთობები დალაგდა. რეალურად, არანაირი დალაგების ნება არ არსებობს და ვერც დალაგდებიან, რადგან ეს უკვე არაერთხელ აუხსნეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
სასამართლო პროცესის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ან სხვა საერთაშორისო პროცესებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი სპეკულაციური იქნება.
ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები სტრატეგიულად თანხვედრაშია. მისი თქმით, ამერიკული ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და სტაბილურობა სჭირდება.
„ამერიკის შემთხვევაში არსებობს კონკრეტული გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები. ამ ინტერესების გატარებას სჭირდება, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ ამერიკული კომპანიები, რისთვისაც აუცილებელია დემოკრატია და კანონის უზენაესობა“, - განმარტა ჯაფარიძემ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.