ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აკრიტიკებს და მათ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მმართველობის სტილს ადარებს. ტომარაძის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების დინასტიური გადაცემის მცდელობა შეინიშნება.
მან მაგალითად სირია, გაბონი, ჰაიტი და აზერბაიჯანი მოიყვანა. თითოეულ ამ სახელმწიფოში მმართველობა მამიდან შვილს გადაეცა: ჰაფეზ ასადიდან ბაშარ ასადს, ომარ ბონგოდან ალი ბონგოს, ფრანსუა დიუვალიედან ჟან-კლოდ დიუვალიეს და ჰეიდარ ალიევიდან ილჰამ ალიევს.
ტომარაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის 14-წლიანი მმართველობის მთავარი მიზანი სწორედ მემკვიდრის დატოვებაა. როგორც ის განმარტავს, ამით აიხსნება ცოტნე ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა რეგიონულ ვოიაჟებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად.
თუმცა, პოლიტიკური დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევა უფრო კომპლექსური და მძიმეა. მისი თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერები ოფიციალური პრეზიდენტები იყვნენ და კანონის შესაბამის პასუხისმგებლობას ატარებდნენ, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი არანაირ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს.
„თუ რამე დაშავდება ქვეყანაში, პრემიერის ბრალია და არა მისი, როცა უნდა მოხსნის და ახალს დანიშნავს“, – აცხადებს ტომარაძე.
ტომარაძის მოსაზრებით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება საზოგადოების სტრუქტურის შეცვლას ცდილობს. ის საუბრობს მიგრაციულ პროცესებსა და ეკონომიკურ ფაქტორებზე, რაც მისი აზრით, ერის დასუსტებას ემსახურება. „ბაგრატიონების შემდეგ საქართველოს, ახალი დინასტია ჩაუდგა სათავეში“, – ასე შეაფასა მან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური რეალობა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.