„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მმართველი პარტიის შიდა პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. ხაბეიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე მზარდი პოლიტიკური წნეხის ქვეშაა და მის შესაძლო შემცვლელებად თეა წულუკიანი და მარიამ ქვრივიშვილი განიხილებიან.

ხაბეიშვილი წერილში ყურადღებას ამახვილებს „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არსებულ დაძაბულობაზე. მისი შეფასებით, მამუკა მდინარაძის განცხადებები მაინინგთან დაკავშირებით ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგაა მიმართული, რაც ივანიშვილის გუნდში შიდა კლანური დაპირისპირების ახალ ტალღას მოასწავებს.

„კობახიძე vs ჯაფარიძე - ეს არის პასუხი ხუნდაძის საბოტაჟზე კობახიძის მიმართ. თუ „მეამბოხე ხალხის ძალა“ ასე გააგრძელებს, მათ ფულის ტომარას დასჯიან და შავი ფულის გარეშე დატოვებენ“, - წერს პოლიტიკოსი.

ხაბეიშვილი ასევე აკრიტიკებს ენერგეტიკულ პოლიტიკას. ის სვამს კითხვას, თუ რატომ ხდება სვანეთის დასჯა რამდენიმე პირის გამო, მაშინ როცა, მისი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის ობიექტები გლდანში თბილისის მოსახლეობის ნახევრის ტოლფას ელექტროენერგიას მოიხმარენ.

პოლიტიკოსი თანაპარტიელებს მოუწოდებს, უარი თქვან პასიურ პოზიციაზე. „მდორე პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

წერილის ბოლოს ხაბეიშვილი მხარდამჭერებს სთხოვს, გამოუგზავნონ პოლიტიკური ანალიზი და ბეჭდური მასალები, რადგან მას ფოსტით კორესპონდენციის მიღების უფლება მიეცა.