ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მძიმე პოლიტიკურ გამოწვევებს აწყდება. მას შემდეგ, რაც ლეიბორისტულმა პარტიამ არჩევნებში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა, პარტიის შიგნით სტარმერის გადადგომის მოთხოვნები უფრო ხმამაღალი გახდა. პრემიერმა საჯაროდ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს „უფრო ძლიერი და სამართლიანი ბრიტანეთისთვის“ გაცემულ დაპირებებზე.

საცხოვრებელი სახლების მშენებლობა

სტარმერის მთავრობის მიზანია 2029 წლისთვის ინგლისში 1,5 მილიონი ახალი სახლის აშენება. ამ გეგმის შესასრულებლად წელიწადში საშუალოდ 300 000 სახლი უნდა აშენდეს, თუმცა ამჟამინდელი მაჩვენებელი 200 000-ს ოდნავ აღემატება.

სამშენებლო მასალების გაძვირება და ენერგორესურსებზე ფასების ზრდა, რაც ირანის ომითაა გამოწვეული, პროცესს კიდევ უფრო ართულებს. ოფიციალური მონაცემებით, მშენებლობის ტემპი ამჟამად ჩამორჩება წინა კონსერვატიული მთავრობის ბოლო წლების მაჩვენებლებს.

ჯანდაცვის სისტემა და ლოდინის რეჟიმი

სამთავრობო გეგმის მიხედვით, პაციენტების 92%-მა სამედიცინო მომსახურება 18 კვირაში უნდა მიიღოს. 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 62,6%-ია, რაც მცირედი ზრდაა 2024 წლის ივლისის 58,8%-იან ნიშნულთან შედარებით.

ეკონომიკური სტანდარტები და ინფლაცია

მთავრობა მიზნად ისახავს ცხოვრების დონის ამაღლებას. 2024-25 წლებში ერთ სულ მოსახლეზე განკარგვადი შემოსავალი 3,1%-ით გაიზარდა. თუმცა, ბიუჯეტის პასუხისმგებლობის ოფისის პროგნოზით, მომდევნო წლებში ეს ზრდა მნიშვნელოვნად შენელდება და 0,5%-ის ფარგლებში დარჩება.

უსაფრთხოება და პოლიცია

სტარმერი პირობას დებს, რომ ქუჩებში 13 000 დამატებით პოლიციელს განათავსებს. 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, სამიზნე მაჩვენებლის პირველი ეტაპი მიღწეულია, თუმცა პოლიციელთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში, 2024 წლის მარტთან შედარებით, მაინც შემცირებულია.

ენერგეტიკული დამოუკიდებლობა

მთავრობის მიზანია 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მინიმუმ 95% სუფთა წყაროებიდან მიიღოს. ექსპერტების შეფასებით, ეს გეგმა ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა მისი შესრულება „შესაძლებლობების ზღვარზეა“.