
საყვარელ ფესტივალზე წასვლა ყოველწლიურად უფრო ძვირი სიამოვნება ხდება. BBC-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთის მსხვილ მუსიკალურ ღონისძიებებზე დასწრების ღირებულებამ ბოლო ათწლეულში ინფლაციის მაჩვენებელს გადააჭარბა.

ფასების ზრდა მხოლოდ თავად ბილეთებს არ ეხება. ფანებს უწევთ გათვალისწინება კვების, სასმელისა და ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯების, რაც საბოლოო ჯამში ბიუჯეტზე მნიშვნელოვნად აისახება.
კვლევის მიხედვით, 2007 წელს „Reading and Leeds“-ის ფესტივალზე ბილეთი 145 ფუნტი ღირდა, რაც დღევანდელი ინფლაციის გათვალისწინებით დაახლოებით 245 ფუნტი იქნებოდა. თუმცა, 2025 წელს ამავე ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასმა 325 ფუნტს მიაღწია.


სხვადასხვა ფესტივალს ფასწარმოქმნის განსხვავებული სტრატეგია აქვს. მაგალითად, Parklife-ის ბილეთები 2013 წლიდან დღემდე, რეალურ ფასებში, 71%-ით გაძვირდა, მაშინ როცა Reading and Leeds-ის შემთხვევაში ზრდამ მხოლოდ 14% შეადგინა. გამონაკლისია Wireless, სადაც ფასები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მცირდებოდა, თუმცა 2025 წელს მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
ფესტივალების მოყვარულები იძულებულნი არიან, პრიორიტეტები შეცვალონ. 23 წლის ქეით სკარლეტი, რომელიც ფესტივალების კონტენტს ქმნის, ამბობს, რომ ხშირად შვებულების ნაცვლად ფესტივალებს ირჩევს.

„გესმის, რომ ეს ინვესტიციაა, მაგრამ როდესაც ავიაბილეთების ფასებს ადარებ, ფესტივალი უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი ჩანს,“ — ამბობს ის. მსგავს მოსაზრებას იზიარებს 30 წლის რასელ აქბარიც, რომელიც ხარჯების ოპტიმიზაციისთვის საკუთარი საკვები პროდუქტების წაღებას და განვადების სისტემით სარგებლობას არჩევს.
ფასების მატების მიზეზებზე საუბრისას, დამოუკიდებელ ფესტივალთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჯონ როსტრონი ორ მთავარ ფაქტორს გამოყოფს: პანდემიას და ბრექსიტს. მისი თქმით, პანდემიის დროს მიღებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება დღემდე გრძელდება, ხოლო ბრექსიტმა გამოიწვია კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის დეფიციტი.

„ფესტივალების ორგანიზატორებს მოუწიათ ინვესტირება კადრების გადამზადებაში, რამაც ხარჯები გაზარდა,“ — განმარტავს როსტრონი. თავის მხრივ, მსხვილი ორგანიზატორები, როგორიცაა Festival Republic, აღნიშნავენ, რომ ბილეთების ფასი ადეკვატურია და ის მოიცავს უსაფრთხოების, სამედიცინო მომსახურების, ინფრასტრუქტურისა და არტისტების ჰონორარების მზარდ ხარჯებს.
მიუხედავად ფასების ზრდისა, ფესტივალების პოპულარობა არ იკლებს. ორგანიზატორები ცდილობენ, მომხმარებელს დაუვიწყარი გამოცდილება და ვარსკვლავური შემადგენლობა შესთავაზონ, რაც ფანებს უფრო ძვირი ბილეთების შეძენისკენ უბიძგებს.








დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.