დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი პროფკავშირის, Unison-ის ახალმა ლიდერმა, ანდრეა ეგანმა ლეიბორისტული მთავრობის მიმართ მწვავე კრიტიკა გამოთქვა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს რადიკალურად არ შეცვლის, არსებობს საფრთხე, რომ ქვეყნის მართვის სადავეები „რეფორმისტების“ (Reform UK) ხელში გადავიდეს.
ეგანი, რომელიც პროფკავშირს სათავეში გასულ დეკემბერს ჩაუდგა, აცხადებს, რომ ლეიბორისტების გამარჯვებამ თავდაპირველად საზოგადოებაში შვება გამოიწვია, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა. „თემები მძიმე მდგომარეობაშია. მთავრობამ ვერ შეასრულა დანაპირები, რამაც ჩემი არჩევა განაპირობა – წევრებს სურთ, მათი ხმა ისმოდეს“, – აღნიშნა მან.
პროფკავშირის ლიდერი მთავრობისგან პროგრესულ ნაბიჯებს ითხოვს. მისი თქმით, პრიორიტეტული უნდა იყოს ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, ხელფასების ზრდა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება. ეგანის განცხადებით, ლეიბორისტები ამჟამად საკუთარ მოძრაობასა და წევრებს „ესხმიან თავს“, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის განწყობაზე.
ანდრეა ეგანმა უარყო ნაიჯელ ფარაჟის შეთავაზება პროფკავშირების „რეფორმისტებთან“ აფილირების შესახებ. მისი თქმით, Reform UK-ის ქმედებები აჩვენებს, რომ ისინი მშრომელთა ინტერესებს არ იცავენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, პენსიებისა და სამუშაო ადგილების უსაფრთხოების წინააღმდეგ გაილაშქრონ.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ის ლეიბორისტების ალტერნატივას, ეგანმა აღნიშნა, რომ ჯერემი კორბინის მიერ დაფუძნებულმა მოძრაობამ „Your Party“-მ ვერ მოახერხა ფართო მხარდაჭერის მოპოვება. თუმცა, მისი აზრით, ამომრჩეველთა იმედგაცრუება ლეიბორისტების მიმართ უკვე აშკარაა და სწორედ ამ უკმაყოფილებას იყენებს „რეფორმისტთა“ პარტია.
ეგანი, რომელიც სოციალური მუშაკის გამოცდილებას ფლობს, აპირებს, Unison-ის საქმიანობა უფრო აქტიურ კამპანიურ რეჟიმში გადაიყვანოს. ის უკვე მოუწოდებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოემზადონ საპროტესტო კენჭისყრებისთვის, თუ ხელფასების 3.3%-იანი ზრდა არ გადაიხედება. „ჩვენ არ მივიღებთ ნამცეცებს მაგიდიდან“, – აცხადებს პროფკავშირის ლიდერი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.