ბრიტანული პარტია Reform UK-ის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი, მიგრაციული პოლიტიკის რადიკალურ გამკაცრებას აანონსებს. ფარაჯის გეგმის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სოციალური საცხოვრებლით სარგებლობა სრულად აეკრძალებათ. ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ამჟამად სოციალურ საცხოვრებელში მცხოვრებ უცხოელებს კერძო ბინის მოსაძიებლად სამთვიანი ვადა მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ დეპორტაცია დაემუქრებათ.

რეტროსპექტული აკრძალვა და ახალი რეგულაციები

პარტიის პოლიტიკა ითვალისწინებს „განუსაზღვრელი ვადით დარჩენის უფლების“ (Indefinite Leave to Remain) გაუქმებას. ეს იმას ნიშნავს, რომ აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ ახალ ჩამოსულებს, არამედ იმ პირებსაც, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ. ფარაჯის განცხადებით, სახელმწიფო სისტემაში „თეთრკანიანთა საწინააღმდეგო რასიზმია“ გამჯდარი, რის აღმოფხვრასაც მისი პარტია გეგმავს.

Reform UK-ის გეგმები ასევე მოიცავს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სოციალური საცხოვრებლის უფლების ჩამორთმევას. პარტია გეგმავს ბრექსიტის შემდგომი ხელშეკრულებების გადახედვას იმ ნაწილში, რომელიც მოქალაქეთა უფლებებს ეხება.

პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკა

ბრიტანეთის კულტურის მდივანმა, ლიზა ნენდიმ, ფარაჯის ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანას დაპირისპირების ნაცვლად, იმედი სჭირდება. „ხალხს არ სურს მეტი სიბრაზე და დაყოფა. ქვეყნის წინაშე სერიოზული გამოწვევებია, რომელთა მოსმენაც პოლიტიკოსებს მართებთ“, — აღნიშნა ნენდიმ.

ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა, სერ ედ დეივიმ, ფარაჯის პოზიციას „უკმაყოფილებისა და დაყოფის პოლიტიკა“ უწოდა, რომელიც ბრიტანულ ტოლერანტობის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

სოციალური საცხოვრებლის კრიზისი

დიდ ბრიტანეთში ამჟამად სოციალური საცხოვრებლის მოლოდინში დაახლოებით 1.34 მილიონი ოჯახია. საქველმოქმედო ორგანიზაცია Shelter-ის აღმასრულებელი დირექტორის, სარა ელიოტის თქმით, ფარაჯის გეგმა მხოლოდ გაზრდის უსახლკაროთა რაოდენობას და დამატებით ტვირთად დააწვება ადგილობრივ საბჭოებს.

„კანონიერად დასახლებული ადამიანების სახლებიდან გამოსახლება რასისტული და მორალურად არასწორია. ეს არის მცდელობა, ყურადღება გადაიტანონ საბინაო კრიზისის რეალური მიზეზისგან — ათწლეულების განმავლობაში ხელმისაწვდომი საცხოვრებლების არასაკმარისი მშენებლობისგან“, — განაცხადა ელიოტმა.

განათლების სისტემა და კულტურული ღონისძიებები

სოციალური საცხოვრებლის გარდა, ფარაჯი საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებებსაც გეგმავს. მისი თქმით, სკოლებში უნდა შეიზღუდოს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა „შავკანიანთა ისტორიის თვე“ ან „პრაიდის თვე“. პარტიის პრესსპიკერის განმარტებით, ეს ნაბიჯი „ბავშვების პროგრესული ინდოქტრინაციის“ დასასრულებლად გადაიდგმება.