ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 5 გრამზე მეტი მარილი არ უნდა მიიღოს. მიუხედავად ამისა, მარილის ჭარბი მოხმარება კვლავ რჩება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თირკმლის პრობლემებისა და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითების მთავარ რისკ-ფაქტორად.


ბრაზილიაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც 8 300-ზე მეტ 60 წელს გადაცილებულ ადამიანს მოიცავდა, აჩვენა, რომ კერძისთვის მარილის დამატება კვლავ გავრცელებული ჩვევაა. მონაცემების მიხედვით, მამაკაცები ამას ქალებზე უფრო ხშირად აკეთებენ.

რა განაპირობებს მარილის დამატების სურვილს?

მკვლევარებმა შეისწავლეს მონაწილეების სქესი, ასაკი, განათლების დონე, შემოსავალი და საცხოვრებელი პირობები. შედეგად დადგინდა, რომ მარილის დამატების ჩვევა მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვა ფაქტორთან არის დაკავშირებული.

მამაკაცებში მარილის დამატების ალბათობა 62%-ით მაღალი იყო იმ შემთხვევაში, თუ ისინი მარტო ცხოვრობდნენ. ხოლო მათ, ვინც მაღალი არტერიული წნევის გამო სპეციალურ დიეტას იცავდა, მარილის დამატების შანსი ორჯერ ნაკლები ჰქონდათ.


ქალების შემთხვევაში სურათი უფრო კომპლექსურია. ურბანულ გარემოში მცხოვრები და გადამუშავებული საკვების მომხმარებელი ქალები ორჯერ უფრო ხშირად ამატებდნენ საკვებს მარილს. ამავდროულად, ხილისა და ბოსტნეულის რეგულარული მოხმარება ამ ჩვევის რისკს, შესაბამისად, 81% და 40%-ით ამცირებდა.

როგორ შევამციროთ მარილის მოხმარება?

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მარილის მოხმარების შემცირება არ უნდა იყოს მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილება. საჭიროა კვების მრეწველობაში ნატრიუმის დონის შემცირება, რადგან გადამუშავებული საკვები მარილის ჭარბი რაოდენობის მთავარი წყაროა.


მკვლევარები გვირჩევენ, რომ მარილის ნაცვლად საკვებს არომატი მივანიჭოთ მწვანილებით, ბუნებრივი სანელებლებით ან ციტრუსის წვენით. მარტივი პრაქტიკული რჩევაა — მაგიდაზე მარილიანი ჭურჭლის (სოლინკის) არ დადგმა, რაც ავტომატური, ჩვევაზე დაფუძნებული მარილის დამატების პრევენციას მოახდენს.