UFC Freedom 250-ის თანა-მთავარ ბრძოლაში ალექს პერეირას მარცხი, რომელიც სირილ განესთან ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა, სპორტულ სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბრაზილიელი მებრძოლი, რომელიც სამი სხვადასხვა დივიზიონის ჩემპიონობის ისტორიული მიღწევისთვის იბრძოდა, მძიმე წონაში გადასვლის შემდეგ წარუმატებელი აღმოჩნდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, UFC-ის ყოფილმა მძიმეწონოსანმა ჩემპიონმა ჯონ ჯონსმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პერეირას მიმართ ირონიული დამოკიდებულება გამოხატა. პერეირასთვის ეს ჟესტი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ის ჯონსის მიმართ ყოველთვის პატივისცემით იყო განწყობილი.

პერეირას პასუხი კრიტიკაზე

„გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. თუ ვინმე ვიყავი, ვინც მას პროვოცირებას უწევდა, მაშინ მისი კომენტარი გასაგები იქნებოდა, მაგრამ მე ჯონ ჯონსზე ცუდი არასდროს მითქვამს“, - განაცხადა პერეირამ საკუთარ YouTube არხზე.


ბრაზილიელი მებრძოლი აღნიშნავს, რომ მას არასდროს უცდია საკუთარი თავის „საუკეთესოდ“ წარმოჩენა და არც ჯონსთან დაპირისპირება ჰქონია. პერეირას თქმით, ის საკუთარ საქმეს აკეთებს და ისტორიას წერს, ხოლო მებრძოლების რეიტინგზე კამათში შესვლას არ აპირებს.

პერეირამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ჯონსმა ის რთულ მომენტში გააკრიტიკა. „არ მესმის, რატომ გააკეთა ეს ასეთ რთულ დროს. არავის სურს წაგება. მან გადაწყვიტა პროვოკაცია გაეწია ადამიანისთვის, რომელსაც მისთვის არაფერი დაუშავებია“, - აღნიშნა მან.

განსხვავებული დამოკიდებულება

პერეირამ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც თავად ჯონ ჯონსი გადიოდა კარიერულად რთულ ეტაპებს. ბრაზილიელის თქმით, მან ჯონსს მაშინ მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც დღევანდელი სიტუაციის სრული კონტრასტია. მიუხედავად ყველაფრისა, პერეირა აცხადებს, რომ ჯონსის მიმართ პატივისცემას შეინარჩუნებს და ამ დისკუსიის გაგრძელებას არ აპირებს.


შეგახსენებთ, რომ პერეირამ ბრძოლის შემდეგ მსაჯი ჰერბ დინიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სირილ განემ ბრძოლის მსვლელობისას თავის არეში არალეგალური დარტყმები განახორციელა, რაც მსაჯმა სათანადოდ არ აღკვეთა. განე ახლა ტიტულის გამაერთიანებელ ბრძოლას ტომ ასპინალთან გამართავს.