სტიკერები, GIF-ები და ემოჯი-რეაქციები შესაძლოა მალე მოძველებულ კომუნიკაციის ფორმად იქცეს. სტარტაპმა Pixi-მ ახალი აპლიკაცია წარადგინა, რომელიც ციფრულ მესიჯებს ინტერაქტიულ, გაძლიერებული რეალობის (AR) გამოცდილებად გარდაქმნის.
აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია App Store-ში და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, iMessage-ის მეშვეობით ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პერსონაჟები გააგზავნონ. განსხვავებით სტატიკური გამოსახულებებისგან, ეს პერსონაჟები მიმღების iPhone-ის კამერის მეშვეობით „ცოცხლდებიან“ — ისინი რეაგირებენ მიმდებარე გარემოზე, ურთიერთობენ ადამიანებთან და რეალურ დროში პასუხობენ მოქმედებებს.
Pixi-ს დამფუძნებელი მარკ დრამონდი, რომელსაც DreamWorks-სა და Apple-ში მუშაობის გამოცდილება აქვს, განმარტავს, რომ აპლიკაციის მიზანი ციფრულ კომუნიკაციაში მეტი სპონტანურობისა და თანდასწრების შეგრძნების შეტანაა. ნაცვლად სტანდარტული ტექსტური მილოცვისა, მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს პერსონაჟი, რომელიც „ციფრული საჩუქრის“ ფუნქციას შეასრულებს.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, Pixi-ს უპირატესობა ონ-დევიზ (on-device) ხელოვნურ ინტელექტშია. სისტემა აანალიზებს მიმდებარე სივრცეს. მაგალითად, ვირტუალური კატა რეაგირებს, თუ კადრში ნამდვილი ძაღლი გამოჩნდება. კომპანიის თქმით, კონფიდენციალურობის დასაცავად, ყველა ვიზუალური და აუდიო პროცესინგი მხოლოდ მომხმარებლის მოწყობილობაზე ხდება.
გაშვების ეტაპზე აპლიკაციაში ხელმისაწვდომია რობოტის, კატისა და ანიმაციური კონვერტის პერსონაჟები, რომელთაც ხმოვანი ბრძანებების აღქმა შეუძლიათ. დამატებით, მომხმარებლებს შეუძლიათ ისეთი თამაშების თამაში, როგორიცაა „ჯვარედინა ნულები“ (tic-tac-toe) ან „whack-a-mole“.
Pixi გეგმავს პერსონაჟების ბაზრის შექმნას, სადაც სტუდიები, ბრენდები და დამოუკიდებელი შემოქმედები საკუთარ უნიკალურ პერსონაჟებს გააზიარებენ. მომავალში კომპანია მომხმარებლებს საკუთარი პერსონაჟების შექმნის შესაძლებლობასაც მისცემს, რაც გენერაციული AI-ის გამოყენებით კონკრეტული ქცევებისა და ვიზუალის მინიჭებას გულისხმობს.
ამ ეტაპზე აპლიკაცია ხელმისაწვდომია iPhone 11-სა და უფრო ახალი მოდელებისთვის. Pixi-ს გუნდი აქტიურად მუშაობს Android-ისთვის ვერსიისა და WhatsApp-სა თუ Instagram-ში ინტეგრაციის მიმართულებით.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.