2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი კვირა სავსეა მოულოდნელობებითა და მწვავე შეფასებებით. ინგლისის ნაკრებმა ხორვატიის წინააღმდეგ გამართული მატჩი 4:2 მოიგო, სადაც ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა, თუმცა წარმატების მიუხედავად, გუნდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

პრემიერლიგის ლეგენდარულმა მეკარემ, კასპერ შმეიხელმა, რომელიც ამჟამად Fox Sports-ის ექსპერტია, ინგლისის ნაკრები ამერიკული ფეხბურთის გუნდს, „დალას ქოვბოიზს“ შეადარა. შმეიხელის განცხადებით, ორივე გუნდს აერთიანებს უზარმაზარი პოპულარობა, ნიჭიერი შემადგენლობა და ტიტულების ხანგრძლივი გვალვა.


„ჩვენ დალასის სტადიონზე ვართ. ინგლისის ნაკრები ცოტათი „დალას ქოვბოიზს“ მახსენებს – უზარმაზარი გუნდი, უდიდესი ნიჭით, რომელმაც ერთხელ მოიგო და მას შემდეგ ლაპარაკს არ წყვეტს,“ - განაცხადა შმეიხელმა.

ინგლისს მსოფლიო ჩემპიონატი 1966 წლის შემდეგ არ მოუგია, ხოლო „ქოვბოიზებს“ სუპერბოულის ტიტული 1995 წლიდან არ აუღიათ. ორივე გუნდი მუდმივად ფავორიტთა შორისაა, თუმცა გადამწყვეტ ეტაპებზე წარუმატებლობას განიცდიან.

მატჩის შემდეგ ჰარი კეინმა გასახდელში მომხდარ დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ფეხბურთელებს თავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ტუხელმა გვითხრა, რომ ბორკილები მოგვეხსნა. მან გვითხრა: რა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს? წავაგებთ მატჩს, ჯგუფურ ეტაპზე და გავაგრძელებთ გზას. უბრალოდ წადით და აჩვენეთ მსოფლიოს, ვინ ვართ,“ - იხსენებს კეინი.


ხორვატიასთან შეხვედრაში ინგლისის უპირატესობა ჯუდ ბელინგემმა და მარკუს რაშფორდმა განამტკიცეს. ჰარი კეინი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინგლისი ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს, განის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.