საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, სენეგალთან გამარჯვების შემდეგ კილიან მბაპეს მიერ დამყარებულ ახალ რეკორდზე ისაუბრა. 58 გოლით მბაპე „სამფეროვანთა“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჟირუმ, რომელმაც ეს რეკორდი სამწელიწადნახევარი შეინარჩუნა, მბაპეს პირადი შეტყობინებით მიულოცა.

ჟირუს თქმით, მათ შორის ურთიერთობა ხშირად არასწორად აღიქმება. საზოგადოების ნაწილი მბაპეს ამპარტავნად მიიჩნევს, თუმცა რეალურად საქმე მხოლოდ მის თავდაჯერებულობასა და მიზანდასახულობასთან გვაქვს. „ის ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა ვეტერანებს და მუდმივად გამოხატავდა მადლიერებას იმ წვლილისთვის, რაც მე გუნდში შევიტანე“, - აცხადებს ჟირუ.

ფეხბურთელი იხსენებს ცნობილ ფოტოს, რომელიც გადაღებულია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პოლონეთთან მატჩის შემდეგ. მაშინ ჟირუმ ტიერი ანრის რეკორდი დაამხო, მბაპემ კი მას საგოლე გადაცემა გაუკეთა. „მე მას ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. ეს იყო განსაკუთრებული მომენტი, ის ჩემს წარმატებას გულწრფელად ზეიმობდა“, - იხსენებს ჟირუ.

ჟირუს აზრით, თავდამსხმელის პოზიცია მოითხოვს გარკვეულ ეგოიზმს, რაც მბაპეს შემთხვევაში მხოლოდ პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. მან გაიხსენა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც პერუსთან მატჩში მბაპემ კარის ხაზზე მყოფი ბურთი დაამატა, რითაც ფაქტობრივად ჟირუს გოლი „წაართვა“. თუმცა, ოლივიესთვის ეს არასდროს ყოფილა კონფლიქტის მიზეზი.

დღეს, 27 წლის ასაკში, მბაპე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანია. ჟირუს იმედი აქვს, რომ კილიანი გუნდს მესამე მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანს. „ის არის ლიდერი, მისაბაძი მაგალითი და მოთამაშე, რომელიც იმსახურებს ყველა იმ რეკორდს, რომელსაც მიაღწევს“, - დასძინა ჟირუმ.