საქართველოს სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ დასკვნით, მესამე მატჩისთვის ემზადება. იტალიელი სპეციალისტის, მარკო ბორტოლამის გუნდი ხვალ ადგილობრივ „ტოიოტა ჩიტასს“ დაუპირისპირდება.
სამწვრთნელო შტაბმა მომავალი დაპირისპირებისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით გუნდში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა, რაც მწვრთნელთა მიზანს — თითოეული მოთამაშის შესაძლებლობების მაქსიმალურად შეფასებას — ემსახურება.
შემადგენლობა „ჩიტასის“ წინააღმდეგ
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. სანდრო თოდუა, 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე.
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპიტანი), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გიორგი კერვალიშვილი, 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. გიორგი ფრუიძე.
გუნდს მთავარი მწვრთნელი მარკო ბორტოლამი ხელმძღვანელობს, რომელსაც ასისტენტობას ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი და ლადო კილასონია უწევენ.
ტურნირი და მეტოქის ფორმა
მომავალი მეტოქე, „ტოიოტა ჩიტასი“, ტურნირზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. მათ უკვე ორი შეხვედრა ჩაატარეს და ორივე გამარჯვებით დაასრულეს: „ლუზიტანუში“ 54:24, ხოლო რუმინეთის ა ნაკრები 47:14 დაამარცხეს.
„შავი ლომისთვის“ ტურნირი წარმატებულად დაიწყო — ქართველმა მორაგბეებმა „აირლინკ პუმასი“ 46:36 დაამარცხეს, თუმცა მეორე ტურში „სუზუკი გრიქასთან“ 21:56 დამარცხდნენ. ხვალინდელი მატჩი გუნდისთვის რეაბილიტაციისა და სათამაშო პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობაა.
შეგახსენებთ, რომ „ტოიოტა ჩელენჯი“ მხოლოდ დასაწყისია. შემოდგომაზე ტურნირის ექვსივე მონაწილე თბილისში შეიკრიბება, სადაც „შავი ლომი“ თითოეულ მეტოქესთან საპასუხო მატჩებს გამართავს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.