ლას-ვეგასში სპორტული სამყაროსთვის უპრეცედენტო მოვლენა იწყება. ე.წ. „სტეროიდების ოლიმპიადად“ წოდებული Enhanced Games-ი ათლეტებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ისეთი პრეპარატები, რომლებიც ტრადიციულ სპორტში კატეგორიულად აკრძალულია. საუბარია ანაბოლურ სტეროიდებსა და ზრდის ჰორმონებზე.

ტურნირის მონაწილეებს შორის არიან მსოფლიო რეკორდსმენებიც. 50 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში მსოფლიო რეკორდის მფლობელი ანდრი გოვოროვი ღიად საუბრობს იმ რისკებზე, რაც ამ გადაწყვეტილებას ახლავს. 34 წლის უკრაინელი სპორტსმენის თქმით, ეს „უკან დასახევი გზის გარეშე“ მიღებული გადაწყვეტილებაა.

მილიონები რისკის ფასად

Enhanced Games-ის მიმზიდველობა ფინანსურ ანაზღაურებაშია. გამარჯვების შემთხვევაში, გოვოროვმა შესაძლოა 1 მილიონ დოლარამდე გამოიმუშაოს. ტურნირზე სულ 42 ათლეტია დარეგისტრირებული, რომელთა ნახევარი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი სპორტსმენები, როგორიცაა ბრიტანელი მოცურავე ბენ პრაუდი და მძლეოსანი ფრედ კერლი.

ბენ პრაუდისთვის, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალოსანი გახდა, ეს ტურნირი ფინანსური სტაბილურობის გარანტია. მისი თქმით, ის თანხა, რასაც Enhanced Games-ში იღებს, მნიშვნელოვნად აღემატება იმას, რასაც სახელმწიფო საგრანტო პროგრამები სთავაზობენ.

კრიტიკა და ჯანმრთელობის რისკები

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) პროექტს „სახიფათოსა და უპასუხისმგებლოს“ უწოდებს. სააგენტოს განცხადებით, აკრძალული ნივთიერებების სისტემურმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეტევა, ჰიპერტენზია, ფსიქიკური აშლილობა და სხვა მძიმე გართულებები.

პროექტის თანადამფუძნებელი, გერმანელი მილიარდერი კრისტიან ანგერმაიერი, კრიტიკას არ იზიარებს. ის მიიჩნევს, რომ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პრეპარატები ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე საზოგადოებაში ლეგალიზებული ალკოჰოლი ან თამბაქო. მისი გეგმაა, თამაშების პარალელურად, საკუთარი პლატფორმის მეშვეობით სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატების რეალიზებაც მოახდინოს.

„მე ვარ კონსერვატიული ლიბერტარიანელი და სხეულის ავტონომიის მომხრე. თავისუფლება მხოლოდ ცოდნით არის სრულფასოვანი“, — აცხადებს ანგერმაიერი.

მიუხედავად ათლეტების მხრიდან გამოთქმული მზაობისა, კითხვები სპორტის მომავალთან დაკავშირებით ღია რჩება. Enhanced Games-ის ორგანიზატორები კი იმედოვნებენ, რომ სოციალური მედიის ეპოქაში მათი შოუ მილიარდობით მაყურებელს მიიზიდავს.