BMW-მ „ლე მანის“ 24-საათიანი რბოლის პერიოდში M დივიზიის ახალი, შთამბეჭდავი კონცეპტი წარადგინა. წითელი ფერის ავტომობილი კომპანიის Neue Klasse არქიტექტურაზეა აგებული და ელექტრომობილების წარმოების ახალ ეტაპს ნიშნავს.
კონცეფცია „Born on the racetrack. Made for the streets“ (დაბადებულია ტრეკზე, შექმნილია ქუჩებისთვის) ბრენდის სპორტულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აკავშირებს.
ავტომობილი ორკარიანი სედანია, რომელიც გამოირჩევა დაკუნთული ფორმებით, ფართო თაღებითა და აგრესიული დიზაინით. ტექნიკურად, ის აღჭურვილია ახალი M eDrive სისტემით, რომელიც სპეციალურად მაღალი წარმადობის ელექტრომობილებისთვის შეიქმნა.
Heart of Joy-ის ცენტრალური კომპიუტერი ოთხივე ელექტროძრავას მართავს, რაც ბორბლების დამოუკიდებელ კონტროლსა და დამუხრუჭების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს. 800-ვოლტიანი სისტემა და 100 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფ დამუხტვასა და მაღალ ენერგოეფექტურობას იძლევა.
დიზაინში გამოყენებულია „ზვიგენისებრი“ წინა ნაწილი, ინტეგრირებული ფარებითა და M Yellow Lights-ის განათებით. კაპოტზე დატანილი V-სებრი ჰაერმიმღები ელექტროძრავების გაგრილებაზე ზრუნავს, ხოლო უკანა ნაწილში განთავსებული სპოილერი აეროდინამიკასა და სტაბილურობას აუმჯობესებს.
ინტერიერი მინიმალისტური და სპორტულია. გამოყენებულია ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებული სავარძლები და ნუბუკის ტყავი. დაფა აღჭურვილია M-სერიისთვის დამახასიათებელი ჰექსაგონალური განათებითა და წითელი დეტალებით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ კონცეპტია, ის ძალიან ჰგავს წარმოებისთვის მზადყოფნაში მყოფ Neue Klasse M3-ს. ცნობილია, რომ 1000 ცხენის ძალის მქონე M3 ZA0-ის წარმოება მომავალი გაზაფხულიდან დაიწყება, რაც BMW-ს ელექტროფიკაციის გეგმებში გარდამტეხი მომენტი იქნება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.