ლითონის შენადნობების შექმნის პროცესი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა ბრინჯაოს ხანიდან დღემდე. ტრადიციული მეთოდი გულისხმობს სხვადასხვა ლითონის მაღალ ტემპერატურაზე დნობას და ერთმანეთში შერევას. თუმცა, ამერიკულმა სტარტაპმა Foundation Alloy-მ ეს მიდგომა რადიკალურად შეცვალა.
კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიკ გუგლინი, განმარტავს, რომ ისინი ლითონებს არ ადნობენ. ნაცვლად ამისა, სპეციალური წისქვილის საშუალებით, ლითონის ფხვნილის ნაწილაკებს ერთმანეთს აჯახებენ, სანამ ისინი ერთ ახალ, უფრო მყარ მასალად არ გარდაიქმნება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ტრადიციული დნობის პროცესი ხშირად ტოვებს მიკროსკოპულ სიცარიელეებს მასალაში, რაც მას მყიფეს ხდის ან სითბოს მიმართ ნაკლებად გამძლეს. Foundation Alloy-ს „მყარი მდგომარეობის“ პროცესი ამ პრობლემას აგვარებს. შედეგად მიღებული შენადნობები ერთდროულად უძლებს როგორც მაღალ ტემპერატურას, ისე მექანიკურ დატვირთვას.
ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მოთხოვნადია მაღალი რისკის სექტორებში. სტარტაპი უკვე აწარმოებს საპილოტე პროექტებს საავტომობილო, საავიაციო, ნახევარგამტარებისა და თავდაცვის ინდუსტრიებთან. ერთ-ერთი პირველი კონკრეტული მიმართულება სამხედრო დრონების ნაწილების წარმოებაა.
წარმოების მასშტაბები და ინვესტიციები
კომპანიამ 22 მილიონი დოლარის ოდენობის Series A რაუნდის ინვესტიცია მოიზიდა, რომელსაც Voyager Ventures ხელმძღვანელობდა. მათთან ერთად ინვესტორებს შორის არიან Yamaha Motors, America’s Frontier Fund და Kanematsu Corporation.
ინვესტიციის მიზანი 2027 წლისთვის წარმოების სიმძლავრის კვირაში რამდენიმე ტონამდე გაზრდაა. Kanematsu Corporation-თან თანამშრომლობა კი სტარტაპს საშუალებას მისცემს, თავისი პროდუქცია იაპონიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე გაიტანოს.
„ჩვენ გვაქვს ახალი გზა ლითონის მოსამზადებლად. ეს პროცესი ენერგიის დაახლოებით ათჯერ ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე ტრადიციული დნობა“, — აცხადებს გუგლინი.
Foundation Alloy-ს ტექნოლოგია ეფუძნება ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამეცნიერო კვლევებს, რომელსაც ტიმ რუპერტი და კრის შუ ხელმძღვანელობდნენ. კრის შუ, რომელიც Desktop Metal-ისა და Xtalic-ის თანადამფუძნებელია, ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.