პროგნოზების ბაზრის პლატფორმა Kalshi-მ მომხმარებლებისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა. კომპანიის განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს პლატფორმის მთლიანობის დაცვას და „ინსაიდერული ვაჭრობის“ რისკების შემცირებას.

სიახლეები მას შემდეგ დაინერგა, რაც დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომიტეტმა Kalshi-ს მუშაობის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა. ცვლილებები ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა.

კომპანიის ახალი პოლიტიკის თანახმად, იმ ბაზრებზე, სადაც მანიპულაციისა და ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენების მაღალი რისკია, მომხმარებლები ვალდებულნი არიან, ვაჭრობის დაწყებამდე საკუთარი დასაქმების შესახებ მონაცემები მიაწოდონ პლატფორმას.

„ეს გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ პოტენციური ინსაიდერები — ადამიანები, რომლებსაც აქვთ არასაჯარო, მატერიალური ინფორმაცია ბაზრის შედეგების შესახებ — და გავფილტროთ ისინი მანამ, სანამ რაიმე სახის ფსონი განთავსდება“, — აცხადებენ Kalshi-ში.

აღნიშნული ზომები ემთხვევა აშშ-ის საქონლით ვაჭრობის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) მიერ წამოწყებულ ინიციატივას. მარეგულირებელი ორგანო პროგნოზების ბაზრისთვის პირველი ოფიციალური რეგულაციების ჩარჩოს შექმნას გეგმავს.

CFTC-ის წინადადების მიხედვით, დადგინდება სტრუქტურა იმის შესაფასებლად, თუ რა სახის კონტრაქტები ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს. საუბარია ისეთ აქტივობებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტერორიზმთან, მკვლელობებთან, ომთან ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან.

ბაზარზე რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედრო ოპერაციებსა და Google-ის საძიებო მონაცემებთან დაკავშირებით, „ინსაიდერული ვაჭრობის“ ფაქტებზე დაფუძნებული სამართლებრივი დავები და დაკავებები გახშირდა.

Kalshi-მ ასევე დაამატა „მანიპულაციის რისკის“ შეფასების ახალი სისტემა და გააძლიერა ინსტრუმენტები იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ, პლატფორმაზე არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროონ.