შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:06 საათზე, აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის ცაზე მეტეორი გამოჩნდა. კოსმოსური ობიექტი კეიპ-კოდის ყურის ჩრდილოეთით აფეთქდა, რამაც საკმაოდ ძლიერი ხმოვანი ტალღა წარმოშვა.

აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ ხმაური რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე გაიგონეს, ადგილობრივების სახლები კი შეზანზარდა. თვითმხილველებმა ცეცხლოვანი ბურთი კამერებით დააფიქსირეს, მოვლენა მკაფიოდ ჩანს სატელიტურ კადრებშიც, სადაც ცის განათება აშკარად იკვეთება.

თავდაპირველად, ბევრმა მცხოვრებმა მიწისძვრა ივარაუდა, თუმცა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) განცხადებით, ეს მიწისქვეშა ბიძგები არ ყოფილა. უწყებამ მომხდარი „ბოლიდის აფეთქებით გამოწვეულ ხმოვან ბუმად“ შეაფასა. ნასამ (NASA) სოციალურ ქსელ X-ზე დაადასტურა, რომ საქმე გვაქვს „კაშკაშა ცეცხლოვან ბურთთან“, რომელსაც თან ახლდა ძლიერი ხმაური.

ოფიციალური მონაცემებით, მეტეორი საათში დაახლოებით 75,000 მილის (120,700 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობდა. ნასას ცნობით, ობიექტი მასაჩუსეტსის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და ნიუ-ჰემპშირის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 40 მილის სიმაღლეზე დაიშალა. აფეთქებისას გამოთავისუფლებულმა ენერგიამ 300 ტონა ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა.

ნასას პრესსამსახურის უფროსის მოადგილემ, ჯენიფერ დურენმა განმარტა, რომ ეს მოვლენა არ უკავშირდება რომელიმე აქტიურ მეტეორულ ნაკადს. მისივე თქმით, ეს იყო ბუნებრივი ობიექტი და არა კოსმოსური ნაგავი ან სატელიტის ატმოსფეროში შემოსვლა.