კრიპტოვალუტის სექტორის ყოფილი გავლენიანი ფიგურა და FTX-ის დამფუძნებელი, სემ ბენკმენ-ფრიდი, ციხეში რჩება. ნიუ-იორკის მეორე ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა წინა ინსტანციის გადაწყვეტილებას და უარყო ბენკმენ-ფრიდის შუამდგომლობა მისი მსჯავრის გაუქმების შესახებ.
ბენკმენ-ფრიდი, რომელიც 2022 წლამდე კრიპტოვალუტების სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან ფიგურად ითვლებოდა, 2023 წელს მანჰეტენის ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ შვიდი მძიმე დანაშაულისთვის დამნაშავედ ცნო. პროკურორების შეფასებით, მან FTX-ის მომხმარებლებს 8 მილიარდი დოლარი მოჰპარა, რაც მათ „ეპიკური მასშტაბის თაღლითობად“ შეაფასეს.
თავად ბენკმენ-ფრიდი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. სასამართლო პროცესზე მან აღიარა, რომ ბირჟის მართვისას გარკვეული შეცდომები დაუშვა, თუმცა კატეგორიულად უარყო კლიენტების თანხების ქურდობის ფაქტი. მისი დაცვის მხარე აპელაციისას ამტკიცებდა, რომ რაიონულმა მოსამართლე ლუის კაპლანმა არასწორად შეზღუდა მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც, მათი თქმით, დაადასტურებდა, რომ ბირჟას ჰქონდა საკმარისი სახსრები მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
პროკურატურამ საპირისპირო პოზიცია დაიკავა. მათი მტკიცებით, ბრალდების მხარემ სასამართლოზე წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის, ბენკმენ-ფრიდის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები. სამმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და გამოძიებასთან ითანამშრომლეს, დაადასტურა, რომ ბენკმენ-ფრიდი პირადად აძლევდა დავალებებს, რათა მომხმარებელთა სახსრები მისივე ჰეჯ-ფონდის, Alameda Research-ის დანაკარგების დასაფარად გამოეყენებინათ.
მოსამართლე ლუის კაპლანმა 2024 წლის მარტში განაჩენის გამოტანისას აღნიშნა, რომ ბენკმენ-ფრიდმა კარგად იცოდა თავისი ქმედებების უკანონობა, თუმცა „ცუდი ფსონი დადო იმაზე, რომ არ გამოიჭერდნენ“. ამჟამად ყოფილი მილიარდერი კალიფორნიის შტატში, სანტა-ბარბარას მახლობლად, დაბალი უსაფრთხოების ფედერალურ ციხეში იხდის სასჯელს. მისი ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობა 2044 წლამდე არ დადგება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.