ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. თუმცა, მონაცემთა ცენტრების მასშტაბურმა ზრდამ ახალი ეკოლოგიური პრობლემა წამოჭრა — ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების გადახურება.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ მონაცემთა ცენტრების გარშემო მიწის ზედაპირის ტემპერატურა საშუალოდ 2 გრადუსით იმატებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მატებამ შესაძლოა 9 გრადუსსაც მიაღწიოს. მეცნიერებმა ამ მოვლენას „მონაცემთა სითბური კუნძულის ეფექტი“ უწოდეს.

რატომ მოიხმარენ AI-ცენტრები ამდენ ენერგიას?

ChatGPT-ის ან სხვა დიდი მოდელების ყოველი მოთხოვნა დამუშავებას მონაცემთა ცენტრებში გადის. ეს ობიექტები აღჭურვილია სპეციალური ჩიპებით, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და უზარმაზარი რაოდენობის გამოთვლებს აწარმოებენ.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წელს მონაცემთა ცენტრებმა დაახლოებით 415 ტერავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარეს. პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 945 ტერავატ-საათამდე გაიზრდება.

ინტერაქტიული გრაფიკა

ყველაზე ენერგოტევადი ჰიპერსკეილ (hyperscale) ცენტრებია. თითოეული მათგანი 100-დან 300 მეგავატამდე ელექტროენერგიას საჭიროებს — ეს მოცულობა ასობით ათასი ოჯახის ენერგომომარაგებისთვისაა საკმარისი.

მშენებლობის გლობალური ბუმი

2026 წლის ივნისისთვის მსოფლიოში 11 600-ზე მეტი მონაცემთა ცენტრი ფუნქციონირებს. ლიდერი აშშ-ია 4 300-ზე მეტი ობიექტით, რასაც ევროპა და აზია მოჰყვება.

მკვლევარებმა NASA-ს სატელიტური მონაცემების გამოყენებით 11 000-ზე მეტი ობიექტი შეისწავლეს. დადგინდა, რომ ტემპერატურული ცვლილებები ცენტრიდან 10 კილომეტრის რადიუსშიც კი ფიქსირდება.

ეს ეფექტი მსგავსია ქალაქებში არსებული „ურბანული სითბური კუნძულებისა“, სადაც კონცენტრირებული ადამიანური აქტივობა გარემოს ათბობს. 340 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ზონაში, სადაც ცენტრების მიერ გამომუშავებული სითბო გავლენას ახდენს ადგილობრივ კლიმატზე.

Goldman Sachs-ის პროგნოზით, 2025-2030 წლებში ოთხი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია — Microsoft, Amazon, Alphabet და Meta — ინფრასტრუქტურაში 5,3 ტრილიონ დოლარამდე ინვესტიციას ჩადებს.