აშშ-სა და კუბას შორის ათწლეულების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ბოლო კვირებში უკიდურესად გაუარესდა. ვაშინგტონმა ჰავანას მიმართ მკაცრი ზომები გაატარა, რაც ნავთობის ბლოკადას, ფინანსურ სანქციებს და ყოფილი ლიდერის, რაულ კასტროს წინააღმდეგ წაყენებულ უპრეცედენტო ბრალდებას მოიცავს.

თეთრი სახლი კუბას ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ აცხადებს. ამერიკული მხარის განცხადებით, კუბა გეგმავს აშშ-ის ობიექტებზე, მათ შორის გუანტანამოს ბაზასა და ფლორიდაში მდებარე სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმას. გავრცელებული ინფორმაციით, ჰავანას განკარგულებაში 300-მდე დრონია, კუნძულზე კი ირანელი სამხედრო მრჩევლები იმყოფებიან.

რაულ კასტროს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 95 წლის რაულ კასტრო 1996 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაადანაშაულა. საქმე ეხება ორი მცირე ზომის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას, რასაც ოთხი ადამიანის, მათ შორის სამი ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა. ჰავანა აცხადებს, რომ თვითმფრინავები საჰაერო სივრცეს არღვევდნენ და ეს იყო „კანონიერი თავდაცვა“.

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი ბრალდებებს „პოლიტიკურ მანევრს“ უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, სამხედრო აგრესიის გასამართლებლად გამოიყენება. კუბის კომუნისტური პარტია რაულ კასტროს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს პირდაპირ შეტევად აღიქვამს რევოლუციურ მემკვიდრეობაზე.

ეკონომიკური ზეწოლა და შიდა უკმაყოფილება

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბის მმართველ ელიტას, კერძოდ კი სამხედრო კონგლომერატ GAESA-ს, კორუფციასა და რეფორმების დაბლოკვაში ადანაშაულებს. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონის პრიორიტეტი დიპლომატიური გზაა, თუმცა მშვიდობიანი შეთანხმების ალბათობა „მცირეა“.

ამერიკული სანქციებისა და ვენესუელისა და მექსიკის მხრიდან საწვავის მიწოდების შეწყვეტის გამო, კუბა მძიმე ენერგეტიკულ კრიზისშია. ქვეყანაში ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვები, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია. ჰავანას ქუჩებში ანტისამთავრობო გამოსვლები გახშირდა, სადაც მოქალაქეები ცარიელი დახლებისა და სიღარიბის გამო პროტესტს გამოთქვამენ.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ ჰუმანიტარული დახმარების სახით 100 მილიონი დოლარის გამოყოფას გვთავაზობს, დახმარება კათოლიკური ეკლესიისა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების მეშვეობით უნდა განაწილდეს, რაც ჰავანამ მკაცრად გააკრიტიკა. კუბის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან საუკეთესო დახმარება ბლოკადის მოხსნა იქნებოდა.