ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. საუბარია ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელსაც ლულა და სილვა საკუთარ „წითელ ხაზად“ აცხადებს.

განცხადება საფრანგეთში, G7-ის სამიტის მიმდინარეობისას გაკეთდა, სადაც ორივე ლიდერი იმყოფებოდა. ლულამ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპს აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი სიმპათიები ბოლსონარუს ოჯახის მიმართ, თუმცა ეს მისი პრობლემაა და არა ბრაზილიის.

„არ ჩაერიოთ ბრაზილიის არჩევნებში. ეს არის ბრაზილიელების საქმე, ისევე როგორც ამერიკული არჩევნები არის ამერიკელების და არა ჩემი. მე მხოლოდ იმავე პატივისცემას ვითხოვ ბრაზილიისთვის, რასაც თავად გამოვხატავ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ,“ — განაცხადა ლულამ.

ამჟამინდელი საპრეზიდენტო რბოლა ლულასთვის მეოთხე ვადის მოპოვების მცდელობაა. მისი მთავარი კონკურენტი კი ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უფროსი ვაჟი, სენატორი ფლავიო ბოლსონაროა. დონალდ ტრამპი ღიად უჭერს მხარს ბოლსონარუს ოჯახს და ბრაზილიის სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს „ჯადოქრებზე ნადირობას“ უწოდებს.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჟაირ ბოლსონარო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 27-წლიანი პატიმრობით დასაჯეს. ცოტა ხნის წინ კი მისი მეორე ვაჟი, ედუარდო ბოლსონარო, აშშ-ს ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენისა და სასამართლო სისტემაში ჩარევის მცდელობისთვის ოთხწლიანი პატიმრობით დაისაჯა.

G7-ის სამიტზე ტრამპმა ბრაზილია „უხეშ“ და „პოლიტიკურად სახიფათო“ ქვეყნად მოიხსენია. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა ბრაზილიის საარჩევნო სისტემის სანდოობა, რაზეც ლულამ უპასუხა, რომ ამერიკელ ლიდერს ბრაზილიის შესახებ წარმოდგენა მხოლოდ ბოლსონარუს ოჯახთან ურთიერთობით აქვს შექმნილი, რაც რეალურ სურათს არ ასახავს.