გლობალური სილამაზის ინდუსტრია, რომლის ბრუნვაც 500 მილიარდ დოლარს აღწევს, კლიმატური კრიზისის ფონზე ახალი რეალობის წინაშეა. მომხმარებელთა უმრავლესობა — დაახლოებით 60% — პროდუქტის შეძენისას მის მდგრადობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა, ბრენდების მცდელობები, გახდნენ უფრო ეკომეგობრულები, ხშირად ფრაგმენტული და არასისტემურია.

ბრიტანეთის სილამაზის საბჭოს შეფასებით, ინდუსტრია ვერ ახერხებს რეალური შედეგების ჩვენებას. ამის მთავარი მიზეზი საერთაშორისო სტანდარტებისა და ერთიანი რეგულაციების არარსებობაა. შედეგად, კომპანიები თავად ადგენენ „მწვანე“ კრიტერიუმებს, რაც ხშირად ე.წ. „გრინვოშინგის“ (greenwashing) ანუ მწვანე ფასადის შექმნის საფუძველი ხდება.

რა იმალება „სუფთა სილამაზის“ მიღმა?

ტერმინი „სუფთა სილამაზე“ (clean beauty) სულ უფრო ხშირად კრიტიკის საგანია. ინდუსტრიის ექსპერტები აფრთხილებენ მომხმარებელს, რომ ეს მარკეტინგული ფრაზა ხშირად არ ნიშნავს პროდუქტის რეალურ ორგანულობას ან ეთიკურ წარმოებას. ბრენდები ხშირად იყენებენ ბუნებრივ ინგრედიენტებს, თუმცა წარმოების პროცესში მაინც ზიანს აყენებენ გარემოს.

საინტერესოა სინთეტიკისა და ბუნებრივი ინგრედიენტების დაპირისპირებაც. კოსმეტიკური ბრენდები აღიარებენ, რომ ბუნებრივი ნედლეულის მოპოვება ხშირად არასტაბილურია, ხოლო სინთეზური ფორმულები ხშირად უფრო ეფექტური და უსაფრთხოა. პრობლემა არა თავად სინთეტიკა, არამედ გამჭვირვალობის ნაკლებობაა.

პლასტმასის კრიზისი

კოსმეტიკური ინდუსტრია პლასტმასის შეფუთვების ერთ-ერთი მთავარი მომხმარებელია მსოფლიოში. სტატისტიკის მიხედვით, ამ ინდუსტრიაში გამოყენებული პლასტმასის 95% ნაგავში ხვდება და მხოლოდ მცირე ნაწილი გადამუშავდება. ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან L’Oreal და Estee Lauder, მილიონობით ტონა პლასტმასს მოიხმარენ, თუმცა მათი მიზნები გადამუშავებული მასალის გამოყენებაზე ჯერჯერობით შორს არის სრულყოფილი შედეგებისგან.

გადამუშავებული პლასტმასის (PCR) დეფიციტი კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. მოთხოვნა იზრდება, მიწოდება კი შეზღუდულია, რაც ნედლეულის ფასს ზრდის. ეს კი პატარა და საშუალო ბრენდებისთვის, რომლებიც უფრო მოქნილნი არიან, სერიოზულ ფინანსურ ბარიერს ქმნის.

გამოსავალი გამჭვირვალობაშია

ექსპერტების აზრით, ცვლილებები მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები დააწესებენ მკაცრ სტანდარტებს. ამ ეტაპზე ინიციატივები, როგორიცაა B Corp სერტიფიცირება, ნებაყოფლობითია. სანამ არ იქნება სავალდებულო რეგულაციები, სილამაზის ინდუსტრიის „მწვანე“ ამბიციები მხოლოდ კეთილი ნების დონეზე დარჩება.