ჩინეთის ქალაქ ჯიანგიუში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროტესტანტული „მიწისქვეშა“ ეკლესიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეიდი განხორციელდა. ეკლესია Early Rain Covenant-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ორგანიზაციის ორი ლიდერი, იან ჰონგი და ვუ ვუცინგი დააკავეს.

ინციდენტი კვირას, საკვირაო წირვის მიმდინარეობისას მოხდა. ადგილზე მყოფი წევრების შეფასებით, ოპერაციაში, სულ მცირე, 50 პოლიციელი მონაწილეობდა. შეიარაღებულმა პირებმა ეკლესიის ათობით წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, იძულებით გადაიყვანეს დაკითხვისთვის ჯიანგიუს საპატიმრო ცენტრში.

ეკლესიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ არიან მრევლის წევრები გარშემორტყმული სპეციალური დანიშნულების რაზმის (SWAT) წარმომადგენლებით. მიუხედავად პოლიციის ზეწოლისა, მრევლი წირვის დროს საგალობლებს მღეროდა და ლოცულობდა.

„რეიდი არის კიდევ ერთი მკაფიო შეხსენება, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მშვიდობიან ქრისტიანულ თაყვანისცემას სახელმწიფო კონტროლისთვის საფრთხედ განიხილავს“, — აცხადებს ChinaAid-ის დამფუძნებელი ბობ ფუ, რომელიც ჩინეთში რელიგიური დევნის მონიტორინგს ახორციელებს.

დაკავებული ლიდერები, იან ჰონგი და ვუ ვუცინგი, ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მანამდეც არაერთხელ მოხვედრილან. იანვარში მათ პოლიცია „ჩხუბისა და არეულობის პროვოცირების“ ბრალდებით იბარებდა. ამჯერად დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სამართალდამცველებმა მრევლის წევრებს მოსთხოვეს ხელი მოეწერათ სპეციალური დოკუმენტისთვის, რაც გათავისუფლების პირობა იყო. მრევლმა მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ისინი კვირას, საღამოს 18:00 საათისთვის გაათავისუფლეს. დაკითხული პირების უმეტესობა კი ღამის საათებში დაბრუნდა სახლში.

Early Rain Covenant-ი 2008 წელს ჩენდუში დაფუძნდა და ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშაა. ორგანიზაციის დამფუძნებელი პასტორი ვანგ იი 2018 წელს დააკავეს და მას „სახელმწიფო ძალაუფლების დამხობის მცდელობისა“ და „უკანონო ბიზნეს საქმიანობისთვის“ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

Early Rain Covenant Church

ჩინეთში რელიგიური თავისუფლება მკაცრად არის შეზღუდული. ხელისუფლება ქრისტიანებს მხოლოდ სახელმწიფო სანქცირებულ ეკლესიებში გაწევრიანებისკენ უბიძგებს. თუმცა, წლების განმავლობაში ბევრი ირჩევს ე.წ. „სახლის ეკლესიებს“, სადაც სახელმწიფო კონტროლი ნაკლებია. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში 44 მილიონი ქრისტიანია, თუმცა ეს რიცხვი არ მოიცავს „მიწისქვეშა“ ეკლესიების წევრებს.