ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.
ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე კალასმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ დააყენა ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების საკითხი, საბოლოო კონსენსუსი ვერ შედგა. ვინაიდან მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელია წევრი ქვეყნების სრული ერთსულოვნება, ინიციატივა ჩავარდა.
კალასს არ დაუსახელებია კონკრეტული სახელმწიფოები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს სანქციებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგეთა შორის გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი არიან. ბენ-გვირის მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც მინისტრი დასცინის „Global Sumud Flotilla“-ს აქტივისტებს, რომლებიც ისრაელის სამხედროებმა ღაზასკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.
სკანდალური კადრების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ, ბენ-გვირისთვის შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. იტალიამ და საფრანგეთმა უკვე წამოიწყეს გამოძიება მათი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული შესაძლო წამებისა და გატაცების საქმეებზე.
კალასის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასევე ითხოვენ ევროკომისიისგან წინადადებებს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე უკანონო დასახლებებიდან საქონლის იმპორტის შეზღუდვის შესახებ. „მე გადავცემ ამ მოთხოვნას კომისიას, რათა მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოსთვის მომზადდეს სავაჭრო ზომების ჩამონათვალი“, — განაცხადა კალასმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ისრაელის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს ისრაელის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 30 პროცენტზე მეტი სწორედ ევროპულ ბაზარზე მოდიოდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.