გლობალური სპორტული ღონისძიებები, როგორიცაა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი, მასპინძელი ქალაქებისთვის ხშირად ეკონომიკურ გარღვევად ფასდება. დაპირება მარტივია: ტურისტების შემოდინება, სავსე სასტუმროები, ახალი სამუშაო ადგილები და მილიარდობით დოლარის ბრუნვა.
თუმცა, ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეალობა მოლოდინებისგან განსხვავებულია. ბილეთების კოსმოსური ფასები, სასტუმროების დაჯავშნის დაბალი მაჩვენებლები და გაურკვეველი ეკონომიკური ფონი ქალაქებს აფიქრებს, მიიღებენ თუ არა დაპირებულ მოგებას.
საერთაშორისო მოგზაურთათვის აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის ACLU, უცხოელ ვიზიტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ამას ემატება სავიზო პროცედურებთან დაკავშირებული გაურკვევლობა, რამაც შესაძლოა ბევრი გულშემატკივარი აშშ-ში ჩასვლისგან შეაკავოს.
შიდა ტურიზმიც წნეხის ქვეშაა. ინფლაცია და საწვავის მაღალი ფასი ამცირებს ამერიკელების სურვილს, დამატებითი ხარჯები გაიღონ სპორტული ღონისძიებებისთვის. ამერიკის ავტომობილების ასოციაციის მონაცემებით, საწვავის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახება მოგზაურობის დაგეგმვაზე.
სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის ცნობით, ჯავშნების 80 პროცენტი მოლოდინს ჩამორჩება. ნიუ-იორკსა და სიეტლში სასტუმროების დატვირთულობა კრიტიკულად დაბალია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ბიზნეს ლიდერი, მათ შორის Airbnb-ის ხელმძღვანელობა, ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ტურისტული ნაკადის ზრდას ელოდება.
ბილეთების ფასები კვლავ კრიტიკის საგანია. „Ticketmaster“-ზე ფინალური მატჩის ბილეთები ათასობით დოლარი ღირს, რასაც ფანების ორგანიზაციები „მონუმენტურ ღალატად“ აფასებენ. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პროკურორებმა უკვე დაიწყეს გამოძიება ფიფას ბილეთების ფასწარმოქმნის სტრატეგიასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი ქალაქი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ავითარებს. ჰიუსტონმა „მწვანე დერეფნის“ პროექტი დაამუშავა, ხოლო კანზას-სიტმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი გააფართოვა. ეს ინვესტიციები, შესაძლოა, ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც სასარგებლო აღმოჩნდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.