ეკვადორში კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, 39 წლის კარლოს ალბერტო სუასტეგი ვილიანუევა, გვაიაკილის აეროპორტის შესასვლელთან მოკლეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მსხვერპლი აეროპორტის ტერმინალს ტოვებდა.

უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ელოდებიან აეროპორტთან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებსაც ხელში ყვავილების თაიგულები და რბილი სათამაშოები უჭირავთ. ერთ-ერთმა მათგანმა სათამაშოების უკან დამალული იარაღი მოულოდნელად ამოიღო და სუასტეგის ცეცხლი პირდაპირ გაუხსნა.

ეკვადორის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯონ რეიმბერგის განცხადებით, მოკლული პირი კრიმინალური დაჯგუფება „ლოს აგილასის“ ლიდერი იყო ელ-ტრიუნფოს რეგიონში. პრეზიდენტ დანიელ ნობოას გადაწყვეტილებით, ეს დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული და ჩართულია ნარკოტრაფიკსა და გამოძალვის მძიმე დანაშაულებში.

თავდასხმის მომენტში აეროპორტის ტერმინალთან მყოფი მგზავრები პანიკამ მოიცვა. ადგილობრივი გამოცემა El Universo-ს ცნობით, ხალხი თავშესაფარს სასწრაფოდ ეძებდა. ინციდენტის შედეგად ერთი შემთხვევითი გამვლელიც დაშავდა.

პოლიციამ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა. აეროპორტის ტერმინალი გამოძიების მიზნით ორი საათით დაიხურა, რა დროსაც ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილს ათვალიერებდნენ.

ეს მკვლელობა ეკვადორში კრიმინალური ძალადობის მორიგი ტალღის ნაწილია. თავდასხმა მოხდა პრეზიდენტ ნობოას მიერ გუაიასის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღესვე. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სამართალდამცავებს სახლების ჩხრეკის უფლებას აძლევს, ქვეყანაში მკვლელობების მაჩვენებელმა 2025 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ეკვადორი, რომელიც პერუსა და კოლუმბიას შორის მდებარეობს, კოკაინის კონტრაბანდის მთავარ დერეფნად იქცა. ბოლო წლებში ქვეყანა შედარებით უსაფრთხო ადგილიდან დასავლეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ წერტილად გარდაიქმნა.

REUTERS/Cesar Munoz