ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესზე დაძაბულობა გრძელდება. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას ეხებოდა.

გვარამიას თქმით, მოსამართლეს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება, შეემოწმებინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის თაობაზე ეჭვი არსებობს. მისი შეფასებით, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სათანადო მკურნალობის გარეშე გამოსწორება შეუძლებელია.

„მოსამართლეს ჰქონდა ვალდებულება, შეემოწმებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც კი ეჭვი აღიძრებოდა. პენიტენციური სამსახურის უმოქმედობა ამ შემთხვევაში მოსამართლის უმოქმედობამ გააგრძელა“, - განაცხადა გვარამიამ.

პროკურატურამ სხდომაზე დააფიქსირა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული პასუხი მათთვის საკმარისია, მიუხედავად იმისა, რომ უწყება თავადაც შეშფოთებულია არსებული ვითარებით. გვარამიას მტკიცებით, მოსამართლემ ელემენტარული პროცედურული ნაბიჯებიც კი არ გადადგა.

ნიკა გვარამიამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს დაცვის მხარე პრეზიდენტთან შეწყალების თხოვნით მისვლას აპირებს. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ვარაუდები აბსურდულია და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ელენე ხოშტარიას პოზიციის გათვალისწინებით მიიღებენ.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას გვარამიამ საპროტესტო აქციები დააანონსა. მისი თქმით, აქციების მიზანი იქნება კომპეტენტურ ორგანოებზე მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა, რათა მათ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღონ. აქციების დეტალები და ლოკაციები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.