საქართველოში მასშტაბური საერთაშორისო კრიპტო-თაღლითური სქემა გაშიფრეს. სამართალდამცავების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, რომელიც საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების, აშშ-ის საიდუმლო სამსახურისა და პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ბიუროს თანამშრომლობით განხორციელდა, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი „Audi A6“-ის სახელით 2022 წლიდან მოქმედებდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატი კიბერდამნაშავეებს კრიპტოვალუტის გათეთრების მომსახურებას სთავაზობდა, რითაც ისინი კვალის დაფარვას და უკანონო გზით მიღებული თანხების ლეგალიზებას ცდილობდნენ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბექა ქვიციანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე მართავდა კიბერდანაშაულებრივ ფორუმს „Dark2Web“-ს. ამ პლატფორმის მეშვეობით ისინი უკანონო სერვისებს უწევდნენ დამნაშავეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სპეცოპერაცია, რომელსაც ევროჯასტი და ევროპოლი უჭერდნენ მხარს, სამი ქვეყნის დაახლოებით 100 სამართალდამცავის მონაწილეობით ჩატარდა. საქართველოში ათეულობით ლოკაციაზე ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები და საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია.

სამართალდამცავებმა დააყადაღეს 173 ავტომობილი, რომლებიც, სავარაუდოდ, ფულის გათეთრების მიზნით იყო შეძენილი. ასევე დაყადაღებულია მაღალი ღირებულების უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები.

გამოძიების თანახმად, 2022-2025 წლებში დანაშაულებრივმა ჯგუფმა რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაათეთრა. დაკავებულები აჭარაში 10 ივნისს აიყვანეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.