„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის შემადგენლობაში მხოლოდ ფორმალურ დონეზე რჩება. მისი თქმით, პარტიამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, არ მიეღო მონაწილეობა გაერთიანების მიმდინარე საქმიანობაში.

გვარამიას განმარტებით, ალიანსის საქმიანობა მხოლოდ დოკუმენტურ გაფორმებას არ გულისხმობს. მისი შეფასებით, წევრობა რეალურ ჩართულობას მოითხოვს, რაც ამ შემთხვევაში არ ხორციელდება.

„ალიანსი ხომ არ არის ფურცლის ორგანიზაცია, თუმცა არსებობს ფურცელზეც. მაგრამ რეალობაში რაც ხდება, იმაში მონაწილეობას თუ არ იღებ, როცა არ დადიხარ სხდომებზე, არ მონაწილეობ გადაწყვეტილების მიღებაში, არც მიტინგის და დემონსტრაციის ორგანიზებაში, მაშინ ეს არის წევრობა? თუ ამას თვლით წევრობად, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ალიანსში“, – განაცხადა გვარამიამ.

პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის ყოველდღიური მუშაობა მოითხოვს მუდმივ კოორდინაციას, რაც ამ ეტაპზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მიმდინარეობს.

ამასთან, ნიკა გვარამიამ უარი განაცხადა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდაპარტიულ პროცესებზე კომენტარის გაკეთებაზე. მისი თქმით, ის არ ერევა სხვა პოლიტიკური გაერთიანებების შიდა საკითხებში.

„მე არ ვერევი და კომენტარს არ ვაკეთებ სხვა პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებზე, თუ, რა თქმა უნდა, აქეთ არ არის ხოლმე თავდასხმები“, – განაცხადა გვარამიამ.