ნიუ-იორკის სასამართლომ რექს ჰეუერმანს, რომელიც „გილგო ბიჩის“ სერიული მკვლელის სახელითაა ცნობილი, მაქსიმალური სასჯელი — უვადო პატიმრობა შეუფარდა. 62 წლის არქიტექტორმა რვა ქალის სასტიკი მკვლელობა აღიარა.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ტიმოთი მაზეიმ ჰეუერმანს „საზიზღარი და მშიშარა“ ადამიანი უწოდა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში მსხვერპლთა ოჯახის წევრების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
ჰეუერმანს სამი უვადო პატიმრობა მიესაჯა პირველი ხარისხის მკვლელობისთვის, რასაც დაემატა 25 წელი მეორე ხარისხის მკვლელობის ოთხი ეპიზოდისთვის. სასჯელი თანმიმდევრულად შესრულდება.
სასამართლო პროცესზე მსხვერპლთა ოჯახის წევრებმა ემოციური და მძიმე ჩვენებები მისცეს. მათ ისაუბრეს იმ „უვადო განადგურებაზე“, რაც მათ ცხოვრებაში ამ ტრაგედიამ მოიტანა. ერთ-ერთი მსხვერპლის, მელისა ბარტელემის დამ, ამანდამ, პირდაპირ მიმართა დამნაშავეს და გაიხსენა ის საზარელი ზარები, რომლებსაც ჰეუერმანი მკვლელობის შემდეგ ახორციელებდა.
დანაშაულები 1993-დან 2010 წლამდე პერიოდში ხდებოდა. საქმე 2010 წელს გახდა საჯარო, როდესაც გილგო ბიჩის სანაპიროზე ოთხი მსხვერპლის ნეშტი აღმოაჩინეს. ჰეუერმანი 2023 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა მისი კავშირი დანაშაულთან პიცის ყუთიდან აღებული დნმ-ის ნიმუშებით დაადგინეს.
მსხვერპლთა შორის იყვნენ: მელისა ბარტელემი, მეგან უოტერმენი, ემბერ კოსტელო, მორინ ბრეინარდ-ბარნსი, ჯესიკა ტეილორი, ვალერი მაკი, სანდრა კოსტილა და კარენ ვერგატა. ბევრი მათგანი სექს-მუშაკი იყო, რაც, ოჯახის წევრების თქმით, გამოძიების პროცესს აფერხებდა, რადგან საქმეს თავიდან სათანადო პრიორიტეტი არ მიენიჭა.
საქმის გამოძიება 2022 წელს შეიქმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა დაასრულა, რომელმაც ადგილობრივი და ფედერალური უწყებები გააერთიანა. ჰეუერმანის ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა დანაშაული ოჯახის სასამართლო პროცესისგან დასაცავად აღიარა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.