გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტები ირანის ხელისუფლებას ბრიტანელი წყვილის, ლინდსი და კრეიგ ფორმანების, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. წყვილს ჯაშუშობის ბრალდებით 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გაეროს სპეციალური მომხსენებლების, ალის ედვარდსისა და მაი სატოს განცხადებით, ფორმანების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი მძიმე დარღვევებით წარიმართა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.

ცოლ-ქმარი, რომლებიც ირანში მოგზაურობისას, 2025 წლის იანვარში დააკავეს, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. ამჟამად ისინი თეირანის „ევინის“ ციხეში იმყოფებიან და შიმშილობის აქციას მართავენ. პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოჯახთან სატელეფონო კონტაქტი გაუწყვიტეს.

გაეროს ექსპერტების შეფასებით, წყვილის მდგომარეობა საგანგაშოა. „30 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ეს უკვე სამედიცინო კრიზისია“, — აცხადებენ ისინი. ექსპერტების თქმით, დაკავებულებს არ მიუღიათ სამართლიანი სასამართლოს გარანტიები.

პოლიტიკური მძევლობა თუ სამართლებრივი დავა?

უფლებადამცველები შიშობენ, რომ ფორმანები ირანის მიერ პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენებიან. ისინი მოუწოდებენ ირანულ მხარეს, გააუქმოს განაჩენი და უზრუნველყოს ბრიტანელი მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში.

ლინდსი ფორმანის შვილმა, ჯო ბენეტმა განაცხადა, რომ წყვილს საკუთარი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრების უფლებაც კი არ მისცეს. საქმე ამჟამად უზენაეს სასამართლოშია გადაგზავნილი, თუმცა პროცესის ვადები გაურკვეველია.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მუშაობას განაგრძობს წყვილის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებთან ბოლო საკონსულო ვიზიტი გასული წლის დეკემბერში შედგა.

Handout

ჯო ბენეტი ირანის მიმართ მკაცრ პოზიციას აფიქსირებს. მისი თქმით, საერთაშორისო მოლაპარაკებებისას, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით, უცხოელი პატიმრების ბედი აუცილებლად უნდა იყოს განხილვის საგანი.