მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დედამიწაზე ისტორიაში ყველაზე ცხელი წელიწადის დაფიქსირება თითქმის გარდაუვალია. გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალი ანგარიშის თანახმად, არსებობს 86%-იანი ალბათობა იმისა, რომ 2026-2030 წლებში ერთ-ერთი წელი 2024 წლის რეკორდსაც მოხსნის.

მეცნიერები კიდევ უფრო შემაშფოთებელ პროგნოზს აკეთებენ: 75%-ია იმის შანსი, რომ მომდევნო ხუთი წლის საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით 1.5°C-ით გაიზარდოს. ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვაც, ექსპერტების შეფასებით, კლიმატურ პირობებს უკიდურესად გააუარესებს და გამოიწვევს ხშირ სტიქიურ უბედურებებს.

პარიზის შეთანხმება და მისი გამოწვევები

პარიზის შეთანხმების ფარგლებში, მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყანამ აიღო ვალდებულება, გლობალური დათბობა 1.5°C-ის ფარგლებში შეეკავებინა. თუმცა, მიმდინარე ტენდენციები მიუთითებს, რომ ეს მიზანი სულ უფრო მიუღწეველი ხდება. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ დროის მცირე მონაკვეთში ამ ზღვრის გადალახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს შეთანხმების სრულ ჩავარდნას, რადგან სამიზნე მაჩვენებელი 20-წლიან პერიოდზეა გათვლილი.

არქტიკის დაჩქარებული დათბობა

ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არქტიკას. პროგნოზის მიხედვით, მომდევნო ხუთი ზამთრის განმავლობაში რეგიონის ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 2.8°C-ით მაღალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ არქტიკა გლობალურ საშუალოზე სამჯერ უფრო სწრაფად თბება.

კლიმატის ცვლილება რეალურია და ის ყოველდღიურად მძიმდება. ერთადერთი გზა ამ პროცესის შესანელებლად განახლებად ენერგიაზე გადასვლა და ელექტრიფიკაციის დაჩქარებაა, – აცხადებს შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ჯეიკობსი.

გლობალური შედეგები

კლიმატური ცვლილებები უკვე აშკარაა ევროპაში, სადაც მიმდინარე მაისში რეკორდული სიცხეები დაფიქსირდა. გაეროს კლიმატის მთავარი წარმომადგენლის, საიმონ სტილის განცხადებით, ექსტრემალური სიცხე პირდაპირი შედეგია ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებებისა. გარდა ამისა, მომდევნო წლებში მოსალოდნელია ნალექების რაოდენობის ზრდა საჰელის რეგიონში, ჩრდილოეთ ევროპასა და ციმბირში, მაშინ როცა ამაზონის ჯუნგლები, რომლებიც პლანეტის „ფილტვებად“ ითვლება, შესაძლოა კიდევ უფრო გამოშრეს.