ახალი აღმოჩენა კვებითი ქცევის მექანიზმებში

კვება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კალორიების მიღება. ორგანიზმს ესაჭიროება საკვები ნივთიერებების ზუსტი ბალანსი, განსაკუთრებით კი აუცილებელი ამინომჟავები, რომლებიც ცილის ძირითადი საშენი მასალაა. მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს კუჭსა და ტვინს შორის არსებული ფარული კომუნიკაციის სისტემა, რომელიც ორგანიზმს ცილის ნაკლებობის დადგენასა და საჭირო ნივთიერებების ძიებაში ეხმარება.

სეულის საბაზისო მეცნიერებათა ინსტიტუტის (IBS) მკვლევართა ჯგუფმა, სეულის ეროვნულ უნივერსიტეტთან და ეჰვას ქალთა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დაადგინა, რომ ცილის დონის კლებისას ორგანიზმი კვებით ქცევას მყისიერად ცვლის. კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

როგორ გრძნობს ორგანიზმი ცილის დეფიციტს?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუჭი ცილის ნაკლებობას ორ კოორდინირებული გზით პასუხობს. პირველი გზა ნერვული სისტემის მეშვეობით მოქმედებს და ტვინს ელვისებურად ატყობინებს ამინომჟავების დეფიციტის შესახებ. მეორე გზა კი ჰორმონალურია — ის უფრო ნელი პროცესია, რომელიც ცილის ძიების სურვილს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს.

ექსპერიმენტებისთვის მეცნიერებმა ხილის ბუზები გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ ცილის დეფიციტის დროს ნაწლავის სპეციალიზებული უჯრედები გამოყოფენ ჰორმონს, სახელად CNMa. ეს ჰორმონი ააქტიურებს ნაწლავურ ნეირონებს, რომლებიც სიგნალს პირდაპირ ტვინს გადასცემენ.

შაქრის ნაცვლად — ცილა

მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემა არ ზრდის საერთო მადას, არამედ ცვლის მის პრიორიტეტებს. ცილის დეფიციტის დროს ორგანიზმი ზრდის ინტერესს ცილოვანი საკვების მიმართ და, პარალელურად, ამცირებს ლტოლვას შაქრისკენ. კვლევამ აჩვენა, რომ CNMa სიგნალი თრგუნავს ტვინში შაქრისადმი მგრძნობიარე ნეირონებს (DH44).

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ნაწლავურ მიკრობიომსაც. ბაქტერიების გარეშე მყოფ ბუზებში ცილის მაძიებელი ნეირონების აქტივაცია გაცილებით მაღალი იყო, რაც მიანიშნებს, რომ მიკრობიომი კვებითი ქცევის რეგულირებაში აქტიურად მონაწილეობს.

პერსპექტივები მედიცინაში

მსგავსი მექანიზმები დაფიქსირდა ძუძუმწოვრებშიც. თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ცილის დეფიციტის დროს მათაც უჩნდებათ მკაფიო უპირატესობა ცილოვანი საკვების მიმართ. მკვლევართა აზრით, ეს აღმოჩენა დაგვეხმარება სიმსუქნის, მეტაბოლური დაავადებებისა და კვებითი დარღვევების უკეთ გააზრებაში. ამჟამინდელი პრეპარატების უმეტესობა კუჭის ჰორმონებზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ მცირე ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ მართავენ ეს სიგნალები ტვინის ფუნქციებს.