ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების ფონზე, ნავთობზე ფასები დაეცა, რაც ავტომობილების მფლობელებისთვის საწვავის შესაძლო გაიაფების სიგნალია. აშშ-ის ნავთობის ფიუჩერსები 80 დოლარს ჩამოსცდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ეკონომისტები განმარტავენ, რომ ენერგომატარებლების ფასის კლება ავტომატურად არ ნიშნავს სხვა პროდუქტების გაიაფებას. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასი ნავთობის ღირებულების ცვლილებას სწრაფად რეაგირებს, სასურსათო და საყოფაცხოვრებო საქონლის შემთხვევაში პროცესი გაცილებით ნელია.
რატომ არ ეცემა ფასები სწრაფად?
სტეფენ ქეითსი, Bankrate-ის ფინანსური ანალიტიკოსი, აღნიშნავს, რომ მომხმარებლებმა საწვავის გაიაფება შესაძლოა იგრძნონ, თუმცა ფართო მასშტაბით ეკონომიკაში ფასების კლებას არ უნდა ელოდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ნავთობის მიწოდების აღდგენას დრო სჭირდება, ხოლო ქვეყნებს, რომლებმაც კრიზისის დროს სტრატეგიული რეზერვები გამოიყენეს, მათი შევსება დასჭირდებათ, რაც მოთხოვნას გაზრდის.
დევიდ ორტეგა, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვები პროდუქტების ეკონომისტი, განმარტავს, რომ ფასები ეკონომიკური შოკის დროს სწრაფად იზრდება, თუმცა კლებისას გაცილებით პასიურია. მისი თქმით, ნავთობის ფასის შოკის ეფექტი სასურსათო პროდუქტებზე სრულად მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ აისახება.
სხვადასხვა სექტორი, განსხვავებული დინამიკა
საწვავისგან განსხვავებით, რომელიც ნავთობის გადამუშავების პირდაპირი პროდუქტია, სხვა საქონლის ფასში ლოგისტიკური და საწარმოო ხარჯებია ჩადებული. ორტეგას თქმით, ყველაზე სწრაფად ფასები შესაძლოა ახალ პროდუქტებზე შეიცვალოს, რადგან მათ მოკლე ვადიანი შენახვის პერიოდი აქვთ.
სხვა საქონლის, მათ შორის ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შემთხვევაში, ფასები შესაძლოა თვეების განმავლობაში მაღალი დარჩეს. სატრანსპორტო ტარიფები და რისკ-პრემიები ბაზრის სტაბილიზაციის შემდეგაც კი ახდენს გავლენას საბოლოო ღირებულებაზე.
ინფლაციის ტემპი შესაძლოა ზაფხულში დასტაბილურდეს, თუმცა საქონლისა და მომსახურების უმეტესობა არ გაიაფდება. ფასები უბრალოდ უფრო ნელი ტემპით გაიზრდება, - აცხადებს სტეფენ ქეითსი.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.