ირანის ხელისუფლებამ სამთვიანი სრული ბლოკადის შემდეგ ინტერნეტზე წვდომა ნაწილობრივ აღადგინა. ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან და აშშ-თან ომის დაწყებისთანავე გლობალური ქსელი გათიშა, ამჟამად ეტაპობრივად ცდილობს კავშირის აღდგენას.

მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, 90-მილიონიანი მოსახლეობისთვის თავისუფალი ინტერნეტი კვლავ მიუწვდომელია. მილიონობით ვებგვერდი, მათ შორის YouTube, Instagram, WhatsApp და Facebook, კვლავ დაბლოკილია და მათი გახსნა დღის წესრიგში არ დგას.

ადგილობრივი მომხმარებლები და ექსპერტები ადასტურებენ, რომ ინტერნეტის სიჩქარე უკიდურესად დაბალია, ხოლო კავშირი — წყვეტილი. ბევრი სერვისი, მათ შორის Google-ის ნაწილი, არასტაბილურად მუშაობს, რაც ბიზნესსა და ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. მოთამაშეები კი „მაღალი პინგის“ პრობლემას უჩივიან.

ფილტრაციის ახალი არქიტექტურა

სპეციალისტების აზრით, ირანმა შექმნა ინტერნეტის ფილტრაციის კომპლექსური სისტემა, რომელიც წვდომას პრივილეგიად აქცევს. მონაცემთა ცენტრების ნაწილი კვლავ გამორთულია, ხოლო ისეთი პროტოკოლები, როგორიცაა IPv6 და HTTP/3, დაბლოკილია. შედეგად, ბევრი უცხოური IP მისამართი „ნაცრისფერ ზონაშია“, რაც მონაცემთა პაკეტების გადაცემას ზღუდავს.

პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილების გამო კრიტიკის ქარცეცხლშია. რეფორმისტული გამოცემები მთავრობას „დაგვიანებულ და არასრულფასოვან“ ნაბიჯებს საყვედურობენ. ამავდროულად, მთავრობა წნეხს განიცდის რადიკალური ფრთისგან, რომელიც ინტერნეტის სრულ გათიშვას უჭერს მხარს და სასამართლოს გზით ცდილობს აღდგენის პროცესის შეჩერებას.

„ეს არ არის ინტერნეტი“

ირანში ვითარებას ართულებს ე.წ. „ინტერნეტ პრო“ სისტემა, რომელიც პროფესიული ნიშნით განსხვავებულ წვდომას სთავაზობს მომხმარებლებს. ეს პრაქტიკა ინტერნეტს უთანასწორო სერვისად აქცევს, სადაც წვდომა ფინანსურ და სტატუსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

„რაც ახლა გვაქვს, ეს არ არის ინტერნეტი“, — აცხადებენ თეირანის მცხოვრებლები. მოქალაქეები იძულებულნი არიან, VPN-სერვისების შავ ბაზარს მიმართონ, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან და კიბერუსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული.