სატელიტური მონაცემების თანახმად, ირანის კუთვნილმა სამმა ტანკერმა, რომლებიც ნავთობითაა დატვირთული, ომანის ყურეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ხაზი გადაკვეთა. ეს ნაბიჯი ირანის მხრიდან სანქციების პირობებში ექსპორტის განახლების მცდელობას ადასტურებს.

გემებმა: Diona-მ, Hero II-მ და Sonia I-მა, მოძრაობისას ლოკაციის მაჩვენებლები გაააქტიურეს. საზღვაო დაზვერვის ფირმა Windward-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა მარტის შემდეგ, როცა აღნიშნული ტანკერები საკუთარ ადგილმდებარეობას საჯაროდ აფიქსირებენ.

შეთანხმების მოლოდინში, რომელსაც შვეიცარიაში პარასკევს ელიან, დონალდ ტრამპმა ბლოკადის „დაუყოვნებლივ მოხსნა“ დააანონსა. თუმცა, აშშ-ის საზღვაო ძალების განცხადებით, შეზღუდვები ძალაში ოფიციალური დოკუმენტის ხელმოწერამდე რჩება.

US Department of Defense

ექსპერტების აზრით, თეირანი დარწმუნებულია ბლოკადის დასრულებაში, რის გამოც გემების მოძრაობა გააქტიურდა. სამივე ტანკერი ირანის ეროვნულ სატანკერო კომპანიას (NITC) ეკუთვნის, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების სიაშია.

საერთო ჯამში, გემებს 3,8 მილიონი ბარელი ნავთობი გადააქვთ. მათი დანიშნულების ადგილი ამ დროისთვის უცნობია. აშშ-ის ბლოკადის გამო, მაისში ირანის ექსპორტი დღიურად 260 000 ბარელამდე დაეცა, რაც 2025 წლის საშუალო მაჩვენებელზე ხუთჯერ ნაკლებია.

პარალელურად, მალაიზიისა და ინდონეზიის საზღვართან, მალაკის სრუტეში, დაფიქსირდა კიდევ ორი ირანული ტანკერი — Dan და Sinopa. ისინიც, ისევე როგორც სხვა გემები, აპრილის შემდეგ „რადარებიდან“ გამქრალნი იყვნენ.

სპეციალისტების შეფასებით, ირანი არ კარგავს დროს და საკუთარ ფლოტს საერთაშორისო ვაჭრობაში კვლავ აბრუნებს. თუმცა, რჩება კითხვები, თუ რამდენად შეუფერხებლად განახორციელებს თეირანი ნავთობის მიწოდებას, სანამ ვაშინგტონთან ოფიციალური შეთანხმება ძალაში შევა.