იაპონიის თავდაცვის მინისტრმა შინჯირო კოიზუმმა სინგაპურში, „შანგრი-ლას დიალოგის“ ფარგლებში, უარყო ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს ტოკიო „ახალ მილიტარიზმს“ მისდევს. კოიზუმმა ჩინეთი სამხედრო პოტენციალის სწრაფი და გაუმჭვირვალე ზრდის გამო გააკრიტიკა.

„ჩინეთი თავდაცვით ხარჯებს კვლავ მაღალ დონეზე ზრდის. მათი საგარეო პოლიტიკა და სამხედრო აქტივობები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს როგორც იაპონიისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის“, — განაცხადა კოიზუმმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ იაპონია, განსხვავებით ჩინეთისგან, არ ფლობს ბირთვულ არსენალს ან სტრატეგიულ ბომბდამშენებს. მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის ქმედებები საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და გაეროს ქარტიის ერთგულებას ეფუძნება.

პეკინმა იაპონიის მიმართ ბრალდებები მაისში გააჟღერა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს მოუწოდა, „ერთობლივად აღუდგნენ წინ იაპონიის ნეომილიტარიზმის სახიფათო ქმედებებს“.

ფორუმზე ჩინეთის დელეგატმა, გენერალ-მაიორმა მენგ სიანგცინგმა, იაპონიის მიმართ სკეპტიციზმი გამოხატა. მან განაცხადა, რომ ქვეყანა, რომელსაც მილიტარიზმის „ტოქსიკური მემკვიდრეობა“ სრულად არ აღმოუფხვრია, თავდაცვით თანამშრომლობაზე საუბრისას სანდოობას კარგავს.

იაპონიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ტაივანზე შესაძლო თავდასხმა იაპონიის სამხედრო რეაგირებას გამოიწვევს. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

კოიზუმის განმარტებით, იაპონია კვლავ ღიაა დიალოგისთვის, თუმცა წუხს, რომ ჩინეთმა კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრი არ გამოაგზავნა. ტოკიო, თავის მხრივ, ცვლის საკუთარ თავდაცვით პოლიტიკას და გასულ თვეში სასიკვდილო იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა.

US Secretary of Defense Pete Hegseth, left, speaks with Koizumi during the 23rd Shangri-La Dialogue on May 29, 2026 [Jam Sta Rosa/AFP]

თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა გლობალური ერთიანობის აუცილებლობაზე. მისი თქმით, დასავლეთსა და მოკავშირეებს შორის არსებული ნებისმიერი ხარვეზი ოპონენტებისთვის შესაძლებლობად იქცევა. „დანაწილება ასუსტებს შეკავებას, ერთიანობა კი მას აძლიერებს“, — აღნიშნა კოიზუმმა.