UFC-მ ანდრეას გუსტაფსონთან თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყვიტა. 35 წლის შვედი მებრძოლის გათავისუფლების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, რის გამოც მან დანიილ დონჩენკოსთან დაგეგმილ ორთაბრძოლაში მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწია.

გუსტაფსონმა საწვრთნელი პროცესი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა. სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ მას ატრიალური ფიბრილაციისა და რეციდიული ტაქიკარდიის პრობლემები აწუხებს. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სპორტსმენმა ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო დაშვება ვერ მიიღო.

UFC-ის მეჩმეიკერმა შონ შელბიმ გუსტაფსონს პირადად აცნობა ორგანიზაციიდან წასვლის შესახებ. შელბის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე სპორტსმენის პრიორიტეტი მხოლოდ გამოჯანმრთელება უნდა იყოს. შელბიმ აღნიშნა, რომ თუ გუსტაფსონი ჯანმრთელობის სრულყოფილ ცნობას წარადგენს და UFC-ის ექიმები და სპორტული კომისიები მზად იქნებიან მის დასაბრუნებლად, თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი შესაძლოა ხელახლა განიხილონ.

ანდრეას გუსტაფსონმა თავისი კარიერა 2016 წელს დაიწყო. მოყვარულთა დონეზე მან 10 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. პროფესიულ რინგზე გადასვლის შემდეგ მან კარიერაში არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება ჩაიწერა, მათ შორის 2024 წელს Dana White’s Contender Series-ზე მიღწეული წარმატება, რითაც UFC-ის კონტრაქტი დაიმსახურა.

შვედმა მებრძოლმა UFC-ში დებიუტი 2025 წლის ზაფხულში ქაოს უილიამსის წინააღმდეგ შედგა, სადაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. თუმცა, მის ბოლო ბრძოლაში რინატ ფახრეტდინოვთან, გუსტაფსონი პირველ წუთზე ნოკაუტით დამარცხდა, რაც მის კარიერაში პირველი ვადამდელი მარცხი აღმოჩნდა.

ამჟამად გუსტაფსონი მთლიანად მკურნალობის პროცესზეა კონცენტრირებული. მისი კარიერული პაუზა მნიშვნელოვანი დარტყმაა შვედური MMA-სთვის, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანას UFC-ში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.