მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვარსკვლავი ლამინ იამალი ყურადღების ცენტრშია. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გამოცემა MARCA-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მომავალ ტურნირზე, საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობასა და გუნდურ მოლოდინებზე ისაუბრა.
მზადება მუნდიალისთვის
იამალის თქმით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ესპანეთის ნაკრები სწორედ ამ დღეს ელოდა. გუნდი ტურნირს ევროპის ჩემპიონის რანგში ხვდება და მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.
ფეხბურთელმა „ბარსელონაში“ მიღებული ტრავმაც გაიხსენა, რომელიც მისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. „შიგნით ვლოცულობდი, რომ სერიოზული არაფერი ყოფილიყო. ვიცოდი, რომ კუნთის დაზიანება იყო, რაც აქამდე არასდროს მქონია. მეშინოდა, მსოფლიო ჩემპიონატი არ გამომეტოვებინა“, - აღნიშნა იამალმა.
ფსიქოლოგიური სიმწიფე და გამოცდილება
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს დონეზე მხოლოდ სამი წელია ასპარეზობს, იამალს ისეთი განცდა აქვს, თითქოს ათი წელი გავიდა. მან გაიხსენა, რომ სულ ოთხი წლის წინ თავის ამჟამინდელ თანაგუნდელებთან ერთად სპორტულ ცენტრში ვარჯიშობდა.
„ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ შენთან ერთად ვარჯიშობდა, ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, მართლაც გიჟური და დაუჯერებელია“, - აცხადებს ფეხბურთელი.
იამალისთვის მაღალი მოლოდინები და ზეწოლა არა ტვირთი, არამედ მოტივაციაა. მისი თქმით, ეს გარემო მას საკუთარი დონის ამაღლებაში ეხმარება.
გულშემატკივრებთან კავშირი
სუპერვარსკვლავი ხაზს უსვამს ბავშვებთან განსაკუთრებულ კავშირს. ის იხსენებს საკუთარ ბავშვობას, როცა ნეიმარის კუმირი იყო და მასთან ფოტოს გადასაღებად ნებისმიერ დათმობაზე წავიდოდა. სწორედ ამიტომ, ის არასდროს ეუბნება უარს პატარა გულშემატკივრებს ფოტოს გადაღებაზე.
ესპანეთის ნაკრების შანსები
იამალი ესპანეთის ნაკრებს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიიჩნევს. მან გამოყო როდრის როლი, რომელიც „ოქროს ბურთის“ მფლობელია, ასევე შეაქო მიკელ ოიარსაბალის სათამაშო კლასი და პედრის ნიჭი. მისი თქმით, გუნდი ყველა ხაზში დაბალანსებულია და მეკარეების პოზიციაზეც მსოფლიო დონის კონკურენციაა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ჯგუფურ ეტაპზე კაპო ვერდეს, საუდის არაბეთსა და ურუგვაის შეხვდება. პირველი მატჩი კაპო ვერდესთან 15 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.